გერმანიის დელეგაცია ნატო-ში – საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს განახლებულ არსებით პაკეტს.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნატო-ში გერმანიის დელეგაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
“ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატო-სთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას” – ნათქვამია გერმანიის მისიის განცხადებაში.
დელეგაციის “ტვიტერის“ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს უახლოესი და ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან.
“ჩვენ თქვენს პარტნიორობას ვაფასებთ” – ნათქვამია “ტვიტერის” გვერდზე, სადაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ფოტოა განთავსებული.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილება მიიღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომაზე, რომელსაც ქართველი და უკრაინელი დიპლომატები დაესწრნენ, შავ ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილებოდა.
წყარო: საქინფორმი