ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

 

„ვაქცინის შექმნის კუთხით პროგრესი გვამხნევებს და ახლა უკვე ვხედავთ გვირაბის ბოლოს შუქს. თუმცა, ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს უამრავ ადგილში კორონავირუსის გადაცემის ძალიან მაღალი სიჩქარე შეინიშნება.

„ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაცრი ზომების გატარებით ვირუსის გადაცემის გაკონტროლება შეძლო. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საჭიროა, რომ მოსახლეობამ სანიტარული ნორმების დაცვა განაგრძოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.