უსიმპტომო ინფიცირებულ პაციენტებს 10 დღეში, სიმპტომიანებს -13 დღეში შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას

“უსიმპტომო პაციენტებისათვის 10 დღე, სულ ერთია ისინი საავადმყოფოში იყვნენ, სახლში თუ სასტუმროში – 10 დღეში, მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას”.

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განმარტა: რამდენ დღეში შეუძლია კოვიდსიმპტომიან და უსიმპტომო პაციენტს საზოგადოებაში დაბრუნება.

რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ 10 დღის შემდეგ კიდევ მინიმუმ 3 უსიმპტომო დღე ემატებათ.

“ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს. ადრე, კარგ დროს გაწერისა და ზოგადად საზოგადოებაში დაბრუნების კრიტერიუმი იყო განმეორებითი უარყოფითი PCR ტესტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიო წალეკა კოვიდმა და დღეს ბოლო შემთხვევაში ახალი რეკორდი დამყარდა – 679 000 შემთხვევა მსოფლიოში. აღარ არის საშუალება მსოფლიოში ამ განმეორებითი ტესტების კეთების. თან პრაქტიკამ უჩვენა, ცოდნა დაგროვდა, რომ აღარც იყო დიდად საჭირო ეს განმეორებითი ტესტები იმიტომ, რომ დადგინდა დღეების ის მონაკვეთი, რომლის შემდეგაც პაციენტი გადამდები არ არის, თუ არ ჩავთვლით რაღაც იშვიათ გამონაკლისს.

უსიმპტომო პაციენტებისათვის 10 დღე, სულ ერთია ისინი საავადმყოფოში იყვნენ, სახლში თუ სასტუმროში – 10 დღეში, მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

სიმპტომიანი პაციენტებისთვის ეს არის ისევ 10 დღე, ოღონდ ემატება მინიმუმ სამი უსიმპტომო დღე და ამის შემდეგ შეუძლიათ დაბრუნება უკვე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

“აიპრესი”