ვიდეო: თურქეთი- საქართველოს ისტორიული მტერი, თუ მეგობარი: “გურჯისტანის ვილაიეთი” (ფილმი)

როგორც ევრაზიის ინსტიტუტი იუწყებოდა, მომზადდა ფილმი, სახელწოდებით „გურჯისტანის ვიალიეთი“, რომელშიც განხილულია სირიის მოვლენების გამომწვევი მიზეზები, თურქეთის საგარეო პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებით საქართველოსათვის არსებული ისლამისტური საფრთხე. 

 

ვიდრე ვნახავდეთ ფილმს, ჩავატაროთ მცირე ისტორიული ექსკურსი:

მეთექვსმეტე საუკუნეში სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი, ასევე აჭარაც, ოსმალებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაიეთი“ უწოდეს.

„გურჯისტანის ვილაიეთი“ 8 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა. ესენი იყო: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრეს, ფანაკისა და დიდი არტაანის ლივები. თავის მხრივ, ლივები ნაჰიებად (რაიონებად) იყო დანაწილებული, დასახლებული პუნქტების   1160-ს შეადგენდა.

    ამ ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთის იმპერიის დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი:  პირველად, 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოს დაუბრუნდა ძველი მესხეთის და ჯავახეთის ნაწილები: ქობლიანი, ოძრხე(აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი); ანუ ძველი სამცხე, ჯავახეთი, პალაკაციო და ერუშეთი.

შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, პარიზის ზავით, შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი:

აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი- ოლთისი.

რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი მოცულობისა იყო:

ახალციხის მაზრა- 2706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა- 2793; ბათუმის ოლქი- 3779; ართვინის ოლქი- 3339; ფოცხოვის ოლქი- 588; არტაანის ოლქი- 5137; ოლთისის ოლქი- 3051;

სულ, მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტრს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს, ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვრებში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.

ეს ისტორიული ექსკურსი პირველ რიგში მათთვის არის განკუთვნილი, ვინც რუსეთს საქართველოს ისტორიულ მტრად თვლის, თურქეთს კი მეგობრად.

როდესაც ვახსენებთ ტოპონიმებს – ბათუმი, ქობულეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და კიდევ მრავალი სხვა, იქვე გვახსოვდეს, რომ რუსეთის გარეშე ეს ყველაფერი დღეს თურქეთის ნაწილი იქნებოდა, ხოლო დანარჩენი საქართველო რამდენ ნაწილად განაგრძობდა არსებობას და იარსებებდა თუ არა საერთოდ, კიდევ ცალკე საკითხავია.

ახლა კი ვნახოთ, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი მართლაც საინტერესო და კარგი დოკუმენტური ფილმი „გურჯისტანის ვილაიეთი“, რომელიც არა მხოლოდ ისტორიას, არამედ უფრო თანამედროვეობას ეხება:

კონსტანტინე ჩიკვილაძე