დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ლილოში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია ვერაფერს აუნაზღაურებს, თუ მათ დაზღვევა არ ჰქონიათ გაკეთებული.
კალაძის თქმით, არაერთი მოწოდება იყო, რომ ყველას უნდა დაეზღვია საკუთარი პროდუქცია.
“ის, რომ დაზღვევა არ ჰქონდათ ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ გაკეთდა მოწოდებები. ჩვენ სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი ასეთი ფაქტი, როდესაც ხანძარი გაჩნდა კონკრეტულ ტერიტორიებზე და მას შემდეგ არაერთი მოთხოვნა და მოწოდება იყო გაკეთებული, რომ მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან საკუთარი პროდუქტების დაზღვევა. ჩვენ არ გვაქვს მაგის უფლება, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს დავეხმაროთ” – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს ლილოს დასახლებასი, სასაწყობე ფართობში ხანძარი გაჩნდა. საერთო ჯამში დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, სადაც ინახებოდა პლასტმასები, ადვილად აალებადი ნივთები, საღებავები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
წყარო: ptn.ge