ყოველი ახალი დღე საქართველოში საინფორმაციო შემოტევებით იწყება – ხალხს თრგუნავენ ინფორმაციით, თუ რამდენი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა “კოვიდ 19”-ით. უცნაურია, პოზიტიური ინფორმაციების გავრცელება, მთავრობას უნდა აწყობდეს პირველ რიგში, მაგრამ ე. წ. საზოგადოებრივი მაუწყებელიც ამ საერთო დაშინება-დასტრესვის კამპანიაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. არადა, ხომ შეიძლება, გადაღლილ საზოგადოებას დადებითი სტატისტიკაც შევთავაზოთ – მაგალითად, იმაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს, რომ საქართველოში “კოვიდით” გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით უკეთესია და მინიმალურ ზღვარზე, 1%-ზეა.
იტყვი რამეს გლობალისტურ დაკვეთაზე და “შეთქმულების თეორიების” მომხრე ხარ, “ფეიკებს” ავრცელებ და ა. შ. ამიტომ დავანებოთ თავი “კოვიდ”-სტატისტიკას და შევხედოთ იმ რეალობას, რომელიც არავითარ კამათს არ იწვევს.
ყველა აღიარებს, რომ მძიმე ვითარებაა არა იმდენად ვირუსის გავრცელების, არამედ სამკურნალო დაწესებულებების არსებული სიმძლავრეებისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და აღჭურვის თვალსაზრისით. სახელმწიფოს და არც კერძო სექტორს არ ჰყოფნის ადგილები, პალატები, რათა ერთდროულად მოათავსონ მოზღვავებული პრობლემური პაციენტები.
სოციალურ ქსელებში ხალხის ნაწილი უკვე იმასაც ითხოვს, რომ გაიხსნას საველე ჰოსპიტლები, როგორც ეს “პანდემიის” პირველ ხანებში ხდებოდა დასავლეთის რიგ მეგაპოლისებში. მაგრამ რატომ უნდა იყოს საჭირო ეს საველე ჰოსპიტლები საჭირო თბილისში, როდესაც ამდენი გამოუყენებელი ფართი გვაქვს და ამ ფართობების განაშენიანებაში ათეულ მილიონობით დოლარია ჩაყრილი?
საუბარია ე. წ. პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეზე, სადაც მიჰა სააკაშვილი ნებივრობდა, ასევე რიყეზე არსებულ “წაქცეულ გრაფინებზე”. ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე სურდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეს ფუნქცია შეცვლოდა და იგი ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო. ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს თითქოს იმის გამო გაუნაწყენდა კიდეც, რომ მარგველაშვილს “გაუტკბა” ავლაბრის სასახლეში ყოფნა და არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა (რომელსაც გაპრეზიდენტებამდე ეთანხმებოდა) და არ დაცალა შუშის რეზიდენცია.
განსხვავებით მარგველაშვილისაგან, სალომე ზურაბიშვილმა ეს დაპირება მაინც შეასრულა და ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე გადავიდა, თუმცა ავლაბრის სასახლე პრეზიდენტის ბალანსზე ირიცხება მაინც და იქ რამდენიმეჯერ გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. მოკლედ, დიდ საჭიროებას პრეზიდენტისათვის ეს სასახლე არ წარმოადგენს, არც არავინ ჩამოდის და არც არავის ელოდება ქ-ნი ზურაბი შვილი ისეთს, რომ მაინცდამაინც ძველი საპრეზიდენტო სასახლე გახდეს საჭირო.
ამიტომ: რა უშლის ხელს იმას, რომ სწორედ ეს სასახლე დროებით გადაკეთდეს ჰოსპიტალად, შიგნით არსებული ფართი იძლევა ამის საშუალებას, მათ შორის, გადატიხვრის, სანიტარული წერტილების დამატების და ა. შ. სასახლეში არსებული კომფორტიდან გამომდინარე, ყველაფერი მარტივად მოგვარებადია. შესაძლოა, ეს გადაკეთება უფრო რთული იყოს “წაქცეულ დოქებში”, მაგრამ პრინციპში იქაც შეიძლება.
ყოველ შემთხვევაში, ავლაბრის რეზიდენციით დაწყება ნამდვილად შესაძლებელია – თუნდაც დღესვე.
მაშ რატომ სდუმან პატ. ოპოზიციონერები? ძალიან ხომ არ გაერთნენ კელი დეგნანის პატრონაჟის ქვეშ გამართული სახელისუფლებო ვაჭრობით? – პრინციპში რა გასაკვირია… მაგრამ ახლა თავად ბიძინა ივანიშვილი რატომ არ იჩენს ინიციატივას? ნუთუ თავში აზრად არ მოსდის ან არავინ ურჩევს? – ეს კი გასარკვევია…