თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში.
„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ, რომ ამ შეზღუდვების პირობებში, მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, რომელიც უკვე 65%-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში კლების, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 501 ადამიანს დაუდასტურდა, 3 988 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
“რუსთავი2”