დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა გაცხადებულზე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ. ამაზე მან დღეს, 8 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვიტანოთ უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია.
20%-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და შემდეგ კიდევ გავზარდოთ. რომ მივიღოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, გვჭირდება აცრილი იყოს მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე“ – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ამის პარალელურად, საქართველოს შეკვეთილი აქვს კორონავირუსის ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით, რომლის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტ-აპრილი. მისი თქმით, ხელშეკრულება მოიცავს 1 400 000 დოზას, ორჯერადი გამოყენებისთვის.
წყარო: itv.ge