საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჟანგბადის კონცენტრატორები (აპარატები) გადაეცა, რომელიც დანიშნულებისამებრ გადანაწილდება როგორც სოფლის ექიმებზე, ასევე კოვიდსასტუმროებზე.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ეპიდემიის ეფექტური მართვა, სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული ინფიცირებული მოქალაქისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ასევე სოფლის ექიმების კიდევ უფრო მეტი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, იქნება ეს მაღალმთიანი აჭარა, ქობულეთი თუ ხელვაჩაური, ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე. განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებს და ჩვენს მოხუცებს. ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება.
ეპიდემიის ეფექტური მართვა, მისი დასტაბილურება და ზოგადად ჯანდაცვის მდგრადობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად ეკონომიკის და მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, გაუმჯობესება არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა. ეს იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ყურადღების ქვეშ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
წყარო: ptn.ge