მუდმივად რატომ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ტარიფი საქართველოში

თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ (მეტსახელად “ნანა”), რომელიც ახლა ძალზე კარგ, თბილ ადგილზეა მოწყობილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა, ქართულ “ფორბსში” სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის სათაურია “კრიპტოენერგო კორელაცია”, რაც უკვე თავისთავად, მოსულელო შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარ სათქმელს ნარმანია შეფარვით ამბობს. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე, ეყრდნობა რა სტატისტიკურ მონაცემებს, სწუხს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პარალელურად, იმპორტის განუხრელ მატებასა და არასაკმარის ადგილობრივ გენერირებაზე:

ბოლო ათწლეულის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 4.7%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება წარმოებას, მაგალითად, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წელს წინა წელთან შედარებით 7.8 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა. აგრეთვე, ელექტროენერგიის იმპორტმა 2019 წელს 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.

წელს შედარებით განსხვავებული რეალობა გვაქვს ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით – შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარება კერძო სექტორის ხარჯზე, თუმცა გაზრდილია საყოფაცხოვრებო ნაწილში. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით, რამაც კერძო სექტორის საქმიანობის შეფერხება ან ნაწილობრივი გაჩერება გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მიუხედავად 2020 წლის უჩვეულო მაჩვენებლისა, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მაინც იზრდება. ამ წლის 9 თვის მო ნაცემებით (იანვარ-სექტემბერი) უკვე განხორციელდა 926.86 მლნ კვტ.სთ-ის იმპორტი, რაც შეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში – 151.61 მლნ კვტ.სთ შე ადგინა. რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ელექტრომომარაგების მიზნით იმპორტის შეუფერხებელი მოწოდებისათვის ესკომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. შესაბამისად, მიმდინარე წლის ნოემბერში მხოლოდ თურქეთიდან 120.35 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება – აღნიშნულია სტატიაში.

ამით თბილისის ყოფილი მერი და ენერგეტიკის ახლანდელი მთავარი “მარეგულირებელი” უკვე ამართლებს იმ ანტიხალხურ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა აწარმოებს ენერგეტიკის სექტორში – ელექტროენერგიის პერიოდული გაძვირება (მაგრამ არასოდეს გაიაფება) ე. წ. მცირე ჰესების რაოდენობის ზრდის პარალელურად! თუმცა საინტერესო მომენტი სტატიაში ასევე არის საქართველოში წლიდან წლამდე მოხმარებული ელეტქორნერგიის რაოდენობის მიზეზების განხილვა:

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ბიტკოინების წარმოება სახელდება. სემეკში გავაკეთეთ საინტერესო ანალიზი კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებისა და საყურადღებო შედეგები მივიღეთ:

ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტების ფასების მერყეობის, დაანონსებული რეგულაციებისა და ყოველი დამატებითი ბიტკოინის მოპოვებისთვის უფრო მეტი გამოთვლითი ენერგიის საჭიროების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრმა კრიპტოვალუტის მომპოვებელმა შეაჩერა საქმიანობა. ეს აისახა კიდეც კრიპტოვალუტების მოპოვების მიზნით ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელზეც.

კრიპტოვალუტების ბიზნესს საქართველოში ვინ ლიდერობს, საკმაოდ კარგად არის ცნობილი და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, ასევე მივესალმებით, რომ ნარმანია აფხაზეთის მიერ ენგურიდან თავისი “მაინინგის” მომსახურებისთვის წაღებულ დიდი რაოდენობით ელეტქოენერგიის საკითხსაც ახსენებს – ყასიდად, მაგრამ მაინც. ეს ხომ რეალური პრობლემაა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურად დაუცველს ხდის აფხაზების კაპრიზების წინაშე. ეს პირდაპირ უნდა ითქვას და არა შელამაზებით, როგორც ამას სემეკის თავმჯდომარე აკეთებს. მან ასევე უნდა თქვას, რომ ენგურს სჭირდება ალტერნატივა დიდი ჰესის სახით და არა ეკოლოგიისთვის მავნებელი, ადამიანებისთვის მიუღებელი ე. წ. მცირე ჰესები ყოველ ხეობაში, ყოველ მდინარეზე.

დაბოლოს, ნარმანია აღნიშნავს, რომ ბიტკოინების “მაინინგის” გამო ელეტქოენერგიის მოხმარება საქართველოში 2-3 წელია, აღარ მატულობს, ბევრი ფირმა დაიხურაო, მაგრამ იგი ვერ ასაბუთებს, ამისდა მიუხედავად რატომ იზრდება მთლიანი მოხმარება. განა საქართველოში რაიმე ახალი სიმძლავრეები ამუშავდა, წარმოება, ქარხნები, ფაბრიკები? რას სჭირდება ამდენი ელექტროენერგია, რისთვის არის აუცილებელი იმპორტის მუდმივი ზრდა?

სემეკის თავმჯდომარე სტატიის ბოლოს, ერთ წინადადებაში ამ ანომალიას საქართველოში მოქმედ ე. წ. თავისუფალ ინდუსტრიულ (თავისუფალ ეკონომიკურ) ზონებს მიაწერს, თუმცა, თავს ვერ დავდებთ, რას გულისხმობს “ნანა”, ამ წინადადების გაშიფვრას ცალკე კომისია სჭირდება – ლინგვისტური კომისია: კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებით, საქართველოში ქსელზე მიერთების მოთხოვნილი სიმძლავრეები, უმეტესად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებიდან არის, რაც ელექტროსისტემის განვითარებასა და კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს კონცენტრირებულს ხდის – აღნიშნულია სტატიაში.  რაც აქედან დასკვნით, ნამდვილად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ თიზ-ები უწყობენ ხელს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას საქართველოში. ეს კი სცილდება ნარმანიასადმი დაქვემდებარებული სემეკის კომპეტენციის ფარგლებს.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების თემა საკამათო საკითხია, ესაა საკმაოდ გაუმჭვირვალი სფერო. შედარებისთვის შეგიძლიათ იხილოთ, რამდენი ბრძოლა დასჭირდა არასამთავრობო ორგანიზაციას, ელემენტარული ინფორმაცია მიეღო იმასთან დაკავშირებით, საგადასახადო სამსახური ამოწმებს თიზ-ების საქმიანობას თუ არა – იხ.: IDFI VS შემოსავლების სამსახური. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკისათის ამ “ზონებს” არანაირი სარგებელი არ მოაქვს (ყოველ შემთხვევაში, აშკარა და ხელშესახები). თავის დროზე, ცნობილი ეკონომისტი ვლადიმერ პაპავაც სკეპტიკურად უყურებდა მათ შექმნას და მართალიც აღმოჩნდა.

ნარმანიას რაც შეეხება, იქნებ ეყოს პროფესიული პრინციპულობა და თქვას, რომ “ზონების” მიერ გაზრდილი მოხმარების გამო, საქართველოს მდინარეები და ხეობები არ უნდა გაჩანაგდეს და არც ჩვენნაირ უბრალო ხალხს არ უნდა დააწვეს ვიღაც-ვიღაცების გამო გაზრდილი ტარიფები.

“ნიუსფრონტი”