პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის

11 დეკემბერს დანიშნულ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარე. პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იყნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას დაესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის აპარატი განახორციელებს.

პარლამენტის პირველ სხდომაზე, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია აირჩევა.

დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე.

რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, მას უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე უწყდება.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

თუკი იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა შეწყდება.

 

“ინტერპრესნიუსი”