ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ვერ წარმოუდგენია ოპოზიციის რიგებიდან ვინმე რიგგარეშე არჩევნების პირობის გარეშე შევიდეს პარლამენტში.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი პარლამენტში მარტო იქნება წარმოდგენილი თუ კვლავ „წითელ ხაზებზე“ ისაუბრებს.

„ასეთ პოლიტიკურ კლიმატში, მას შემდეგ, რაც საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ერთი თვეა ჩვენ, ჩვენ ამომრჩევლებს ვეუბნებით, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ოპოზიციის რიგებიდან ამ პარლამენტში შევა რიგგარეშე არჩევნების პირობის გარეშე. ვვარაუდობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დღეს ისეთივე ხისტი იქნება, როგორც გუშინ ირაკლი კობახიძე რომ ვაჟკაცობდა „წითელი ხაზებიაო“, მაშინ მარტო ისხდებიან“,-განაცხადა უგულავამ.

მან ოპოზიციის წევრებს შორის მიმდინარე კონსულტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პოზიციები შეჯერდა, კიდევ ერთხელ გაიარეს ის საკითხები, რომლის გარეშეც ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„მეორეხარისხოვნად მივიჩნევ იმ საკითხებს, თუ არ იქნება შეთანხმება რიგგარეშე საკითხებთან დაკავშირებით. მთავარი თემა ძალაში რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკების შეწყვეტას, თუ მოლაპარაკების შეწყვეტას აპირებს „ქართული ოცნება“ ეს მისი პრობლემაა, როდესაც წითელ ხაზებზე საუბრობს. ჩვენ, ჩვენ ფასილიტატორ ელჩებს ვეუბნებით მადლობას, იქნება შემდეგ რაუნდი? ჩვენ კიდევ შევეცდებით დავარწმუნოთ, თუ არა, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ამ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში „ქართული ოცნება“ ძალიან მალე ისევ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას. როგორც მოგეხსენებათ, ჭირვეულის მორჯულება ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება, ამიტომ ეს პროცესია, ეს აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, დიალოგის მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და საპარლამენტი არჩევნებთან/პლებისციტთან ერთად ოპოზიციის შეთავაზება მოიცავს საარჩევნო სისტემასთან და ცეკოს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველა საპარლამენტო არჩევნები, ასევე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით. ასევე უნდა გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, ასევე საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.