გითხრათ სიმართლე, არც “ნაცები” მეხატება გულზე და არც “ქოცები” (“ნაცები” კიდევ უფრო მეტად).
ერთი მეორეზე უარესები არიან, პარლამენტიც თავის შესაბამისი “კანტორა” გაიხადეს და, რაც არ უნდა აგინონ ერთმანეთს, საგარეო პოლიტიკა მაინც ერთნაირი აქვთ – ნაციონალისტური ყლორტიდან არიან ამოზრდილები, რუსეთი ისტორიულ მტრად მიაჩნიათ, ლაპარაკს მასთან არ აპირებენ (აფხაზებთან არც კადრულობენ) და თავად აირჩიეს “ამერიკულ გოშიებად” ქართველების გადაქცევის გზა (გონიერ ქართველებზე ეს, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება, მაგრამ გონიერნი ყოველთვის მყარ უმცირესობაშია).
რუსული ამ ფსევდოპატრიოტებს მხოლოდ რუსეთში გაკეთებული ფული მოსწონთ, ხოლო “ამირან გულში რას მღერის”, მე არ მაინტერესებს. და კიდევ: ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს ისევ ის ძველი და ჩვეული ბრძოლაა არაფორმალურ მმართველ ბიძინასა და ყოფილ ფორმალურ მმართველ მიშას შორის – და არც ერთი მტკაველით მეტი. გაგეცინებათ, მაგრამ ორივეს კვალი ისევ რუსეთში მიდის…
ასე რომ, შებრძანდეს პარლამენტში ალეკო ელისაშვილი, დიდ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ, რამეთუ ხელახალი არჩევნები ისედაც ზღაპარი მგონია, “თავისუფლების ინსტიტუტის” ფილიალად გადაქცეული პარლამენტი კი საერთოდ არაფერში მჭირდება, ამას ისევ ბიძინას “კანტორა” ჯობია, არაფრის მაქნისი, მაგრამ ნაკლებად აგრესიული მაინც არის.
თუ ვინმე მეცოდება მთელ ამ ორომტრიალში, ეგ გაუგებრობასა და ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგაში მოყოლილი მელაშვილი და ილიჩოვაა. გადაუარა მათ ამ საერთო “ნაც-ქოცურმა” ჯავშანტექნიკამ, მიეწია დროში…
ვერავითარ დავით-გარეჯას ეგენი ვერ გაყიდდნენ, მათი არც მოტივი და არც ფული არსად ჩანს, სამონასტრო კომპლექსის საქართველოსთვის დაბრუნება კვლავაც ილჰამ ალიევის ხელშია, ხოლო ეგ უბედურები ციხეს ხეხავენ, მაშინ როცა მათი უფროსები და საქართველოს ჭეშმარიტი გამყიდველები დილაობით “კარტე ნიუარს” მიირთმევენ.
ასე ყოფილა მოწყობილი ეს სამყარო, რომელსაც ვერც კოვიდი ასწავლის ჭკუას და ვერც დემოკრატია.
სულ ესაა, რისი თქმაც მიმდინარე მოვლენებზე ჯერჯერობით მსურდა.
გ.ლ.