ხალხმა უნდა იცოდეს: ვაქცინების გვერდითი მოვლენები არ უნდა დაიმალოს

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი. შეგახსენებთ, ბატონი ზაზა ესწრებოდა, საკოორდინაციო საბჭოს იმ სხდომებს, სადაც მიწვეულნი იყვნენ ექიმები.

 

– ვაქცინას გაზაფხულზე ველოდებით, ფულის ნაწილიც გადავრიცხეთ, მაგრამ არავინ მეუბნება ჯერ, რომელ ვაქცინას შევიძენთ, როგორ მოხდება ტრანსპორტირება, თუკი ამ ვაქცინას მართლაც მინუს 80 გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება და ამ ტემპერატურის გარეშე, მხოლოდ 6 საათია ვარგისიანი.  ისევე, როგორც არ ვიცით, აქედან, რომელია სინთეზური და რომელი ე.წ. ცოცხალი…

– მაგაზეც იყო საუბარი. ჯერ გვკითხეს, ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს ვაქცინაზე. ამ მომენტში არის 3 ვაქცინა ყველაზე წინ, ფაიზერის, მოდერნას და ოქსფორდის. მოდერნას და ფაიზერის, არის სინთეზური, ანუ სინთეზური „რნმ“-ი შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში. ფაიზერი ღიად იძახის, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე იქნება მხარის (კეთდება მხარში, როგორც „ბცჟ“) ტკივილი, კუნთების ტკივილი და შეიძლება იყოს, რამოდენიმე დღე ტემპერატურაც კი. მოდერნაც სინთეზურია და დაახლოებით იგივე ჩვენება ექნება. ფაიზერის ვაქცინას სჭირდება მინუს 70, მინუს 80 გრადუსზე შენახვა და პირველი 6 საათის განმავლობაში უნდა გააკეთო, როცა წამოიღებ სპეციალური მაცივრიდან, თორემ, მერე უბრალოდ გაფუჭდება. ლოჯისტიკურად ეს ძალიან რთული იქნება. მოდერნას შენახვა კი შეიძლება მინუს -2-დან მინუს 8 გრადუსამდე, ანუ, ისევე, როგორც ინახება სხვა ბევრი ვაქცინა. ამიტომ, მოდერნას ვაქცინისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ცივი ჯაჭვი და იგივე ლოჯისტიკა, რაც უკვე გვაქვს. ამიტომ, მოდერნას ვაქცინა იქნება იდეალური საქართველოსთვის. განსხვავება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინას შორის ის არის, რომ ფაიზერის ვაქცინა უფრო ადვილად მზადდება, მოდერნას ვაქცინის დამზადებას მეტი დრო სჭირდება, ამიტომ ფრაიზერი უფრო მალე გამოჩნდება ბაზარზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საქართველოსთვის, უფრო მისაღებია მოდერნა, ან თუნდაც ოქსფორდის ვაქცინა, რომელშიც უკვე არასინთეტური, არამედ დასუსტებული ვირუსია, ამ ორივეს შეუძლია გამოიყენოს ორივე ცივი ჯაჭვი, რომელიც საქართველოში არსებობს. ძალიან ბევრი ეჭვებია ვაქცინასთან დაკავშირებით, ყველა ფიქრობს, რომ სწრაფად კეთდება, მოსახლეობის დიდ ნაწილი სტეპტიკურად უყურებს იმუნიზაციას, ამიტომ, როგორც ვუთხარი პრემიერს, მიუხედავად იმისა, შემოსულია ვაქცინა, თუ არა, დღეს უკვე უნდა ჩართოს საქართველომ პროგრამა და უნდა მოხდეს ფართო გაშუქება იმისა, რა არის ეს ვაქცინა, როგორ მუშაობს და ა. შ. ისიც ვუთხარი, რომ არ უნდა დაიმალოს, რომ ეს ვაქცინა არის 21 დღიანი, პირველსა და მეორე დოზას შორის, შუალედი უნდა იყოს 21 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი დოზის გაკეთებიდან 21 დღის მანილე ისევ ვიცავთ რეგულაციებს ჩვეულებრივ და მეორე, აქვს გვერდითი მოვლენები, პირველი რამდენიმე დღე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გაკეთებიდან რამდენიმე დღის მანძილზე ექნება სახსრების ტკივილი, ან სიცხე, რომ მერე არ დაიწყოს საუბრები, რომ აი, ამ ვაქცინას ასეთი ეფექტი ჰქონია… ამაზე უნდა დაიწყონ საუბარი, მოხსნან კაზინოების რეკლამა ტელევიზიებიდან და გაუშვან ეს!

– ვაქცინის შემთხვევაში, იმუნიტეტს რამდენ ხანს ვარაუდობენ?

– ვარაუდობენ, დაახლოებით წელიწადი, წელიწადნახევრიანი იქნებაო, ზუსტად არ არის ცნობილი, მერე დრო გვაჩვენებს, ჯერ მხოლოდ 50 000 კაცზე გამოიცადა და როცა მასობრივად წავა აცრები, მერე რეალობაშიც ვნახავთ უკეთ.

– ამ რეგულაციების მიხედვით, რა პროგნოზი გაქვთ? რას უნდა ველოდოთ?

– თუ ეს რეგულაციები ზუსტად დავიცავით, თუ მოვერიდეთ თავყრილობას, პროტესტებს, ბევრ ხალხს ერთად, თუ წესებს დავიცავთ მკაცრად, ორი თვის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ გარკვეული სახით შემცირებას და მეორე, იმ პერიოდში, სანამ რეგულაციებია, ჯანდაცვის სისტემამ უნდა იფიქროს რესურსების მომატებაზე, ნაბიჯები გადაიდგეს იმისთვის, რომ სისტემა მზად იყოს, ვთქვათ და არავინ დავიცავით რეგულაცია, მერე რა უნდა ვქნათ? საქართველოში, უმეტესად, ცეცხლი რომ გაჩნდება, მერე იწყებენ ჩაქრობას და არ ზრუნავენ იმაზე, რომ ცეცხლის გაჩენა აირიდონ თავიდან და წყალი საერთოდ არ დაგჭირდეს ჩასაქრობად. მთავარი არის არა მარტო ის, რომ ჩვენ რეგულაციები დავიცვათ, არამედ, მე მაგალითად, მსურს და იქაც გავჟღერე, რომ ყოველ დღე გამოვიდნენ და გვითხრან, რა გაკეთდა სისტემაში, რათა სანამ მე ვიცავ წესებს, პარალელურად, მე უნდა ვიცოდე, რომ თქვენც ამზადებთ სისტემას და რამე რომ მოხდეს, მზად ხართ. აი, ეს ინფორმაცია ყოველდღიურად გვჭირდება.

– რეგულაციების დაცვაზე ისაუბრეთ და როგორც მივხვდი, მოსახლეობამ უნდა დაიცვას სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც არც აქცია იკრძალება, არც პროტესტი და არც თავყრილობა, მაგრამ პარალელურად, საკუთარი ნებით, უნდა დაიცვან თქვენი და სხვა ექიმების რეგულაციები და მოერიდონ თავყრილობას, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ასეა?

– დიახ, ნამდვილად ასეა. ახლა ახალი წელი მოდის, უდიდესი დღესასწაულია შობის დღესასწაული, მაგრამ მომავალ წელს გადაიხადეთ ორჯერ ახალი წელი. შევხვდეთ ახლა წყნარად, მშვიდად, ჯანმრთელად, გადავაგოროთ ეს საშინელება. არ ჩავაგდოთ საფრთხეში არც ჩვენი თავი და არც სხვა, ვინც შეიძლება ამ დიდ სუფრასთან მივიწვიოთ.

თამო კეშელავა, ალია