პარტიას, რომელმაც არჩევნებზე 27% მიიღო უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი

„იმ მსხვილ პარტიას, რომელმაც ამ რეჟიმის და ცესკო-ს პირობებში მიიღო 27%, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი. ამ მეთოდს მიმართა პუტინის რუსეთმა არაერთხელ პოლიტიკური კონკურენციის შესაზღუდად“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დიდ პრობლემებს შეუქმნის მომავალში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ბატონმა კობახიძემ ცივი წყალი გადაასხა ჩვენს შემცდარ და არაშემცდარ კოლეგებს, რომლებიც ჩემი აზრით, ამ კონტექსტისთვის მეორეხარისხოვანი საკითხებით აპირებდნენ ამ ბოიკოტის ტორპედირებას“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, მანამდე იყო ვითარება, როცა თუ პარლამენტის წევრები საკანონმდებლო ორგანოდან გასვლის შესახებ განცხადებებს დაწერდნენ, „კობახიძე იმუქრებოდა არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, ახლა კი იმუქრება, რეგისტრაციას შეგიწყვეტთო“. „ჰგონია რომ ამით უნდა დააწვინოს ოპონენტები. ის როგორც ყოველთვის, ცდება“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის სრულფასოვანი ბოიკოტირება უნდა გაგრძელდეს. „შემდეგ კი სხვადასხვა ინტენსივობით უნდა მოხდეს სამოქალაქო პროტესტით მოქალაქეებისთვის არჩევანის უფლების დაბრუნება, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა“, – აღნიშნა ბოკერიამ.