ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ერთი წამით არ გაიბზაროთ და არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ და ვიღაცას ჩუმად ველაპარაკებით – ერთ თეთრს არ მოვკიდებთ ხელს, ღმერთმა დაგვიფაროს! – ამის შესახებ “ფეისბუქის” ვიდეო-მიმართვაში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მან ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენით მიიღებს.
„არასდროს, არც ერთი თეთრი ხელფასის იქეთ არ ამიღია და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუკი რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგ რომ იყოს, მთავარია, მე მჯეროდეს და მწამდეს, ჩემს სინდისს არ ეწინააღმდგებოდეს და ქვეყნის ინტერესების სასარგებლო იყოს.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც გამიბედავს და ლაპარაკს ფულზე დამიწყებს – ცოცხალი ვერ გამასწრებს. ეს ყველამ კარგად იცის და ამაზე არც არავინ დამელაპარაკება”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში იმისთვის იბრძვის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ქვეყნისა და შვილების მომავლისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებებით გამოვიდეს და შემდეგ შევა პარლამენტში.
„შემდეგ შევალ პარლამენტში. ისე ნუ გამოგყავთ, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო იმიტომ დავდიოდი, რომ პარლამენტში შევსულიყავით და გაგვეკეთებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით”, – განაცხადა ელისაშვილმა.
“:რეზონანსი”