17 შტატი უზენაეს სასამართლოში ტეხასის შტატის სარჩელს შეუერთდა, რომლითაც ოთხ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვენ.
ტეხასის შტატის სარჩელს შემდეგი შტატები შეუერთდნენ: მისური, ალაბამა, არკანზასი, ფლორიდა, ინდიანა, კანზასი, ლუიზიანა, მისისიპი, მონტანა, ნებრასკა, ჩრდილოეთ დაკოტა, ოკლაჰომა, სამხრეთ კაროლინა, სამხრეთ დაკოტა, ტენესი, იუტა და დასავლეთ ვირჯინია.
8 დეკემბერს არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების გამო, ტეხასის შტატმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ოთხი შტატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
როგორც ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა განაცხადა, ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს ხმის მიცემის უფლება არ უნდა მიეცეთ, ვინაიდან აღნიშნულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიის დროს ხმის მიცემის პროცედურა არაკონსტიტუციურად შეცვალეს, რათა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების რაოდენობა გაეზარდათ.
ტეხასის შტატი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართავს, გადაიდოს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა შეკრება, რომელიც 14 დეკემბრისთვისაა დანიშნული და რომელზეც ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
„კანონის უზენაესობის დაუცველობა ჩრდილს აყენებს არჩევნების შედეგებს. ახლა ჩვენ ვითხოვთ, რომ უზენაესი სასამართლო ჩაერიოს და ეს აშკარა შეცდომა გამოსწოროს“, – აღნიშნა ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა.
აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.