გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, პავლე კუბლაშვილი პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა.
თუმცა ჯაფარიძის თქმით, კუბლაშვილმა დაფინანსება გირჩს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ატოცში რუს ოკუპანტებს ტრაკი აჩვენეს.
“ჩემი მეგობარია პალიკო კუბლაშილი, რომელსაც 7 წელია ვიცნობ. ნაციონალური მოძრაობიდან ერთად წამოვედით. ის გირჩს ფინანსურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეხმარებოდა. შემდეგ შეწყვიტა და ამის მიზეზი იყო ატოცის ამბავი. აი, რომ ჩავიხადე და ტრაკი ვანახე რუსებს. მაგრამ ის არის ჩემი მეგობარი”, — ამბობს ჯაფარიძე გირჩი TV-ს ეთერში.
მისივე თქმით, მას შემდეგაც გირჩს დასჭირდა ფინანსური დახმარება, რაზეც კვლავ სთხოვა კუბლაშვილს დახმარება და მანაც ისევ მისცა ფული.
რა მოხდა გირჩში
4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.
მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.
უკვე 5 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს “დაოკებულიყო” და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ “განადგურდებოდა”. ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.
მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: “პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს”. სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.