საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია სააგენტოსთან “საქინფორმი”, ამბობს:
საქართველოში „დადის აჩრდილი”, მაგრამ არა ჰამლეტის მამისა და კომუნიზმის, არამედ ხელისუფლების დამხობის აჩრდილი! 2003 წელს საქართველოში მოხდა აბდიკაცია, ანუ – ხელისუფლებიდან იძულებითი ჩამოშორება, ხოლო „ვარდების რევოლუცია“ – მხოლოდ რომანტიკული სახელწოდებაა, თანამედროვე გამოთქმით – ამ მოვლენის ნიკი. ზუსტად მსგავსი სცენარი არ განმეორდება იდენტური საწყისი მონაცემების არარსებობის გამო, აი ნახეთ:
იმხანად – მოხუცი შევარდნაძე, თვითონაც არ არის მდიდარი და მდიდრებსაც „სწორად“ არ იჩერებს ახლოს, ის ფიქრობს ფინანსურად ძველებურად, საბჭოურად, მემკვიდრე ვერ შეარჩია; სახელმწიფო ორგანოები, განსაკუთრებით – სამართალდამცავი სტრუქტურები, კორუმპირებული და სუსტია, სახელმწიფო და ხალხი ღატაკია;
დღეს – Forbes– ის მილიარდერი, ეგრეთ წოდებული „ველური კაპიტალიზმის“ ხანების რუსული ბიზნესის სკოლის „წარჩინებული მოსწავლე“, მეტ – ნაკლებად სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურა ჩრდილოვან დაქვემდებარებაში, მინიმალურად საკმარისი ბიუჯეტი და ნაკლებად ღარიბი ხალხი.
მაგრამ ვშიშობ, რომ ფინალი არანაკლებ მკაცრი იქნება, ამიტომ ძალიან მინდა და იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონს მოვა და გაერთიანებული ოპოზიციის წინაშე არ დარჩება ერთი-ერთზე მაინც! ან, კიდევ უარესი, არ იქცევა თავისი ხალხის სიძულვილის საგნად!
სამწუხაროდ, ამ მარგინალურ, დისკრედიტებულ და დამნაშავე ოპოზიციურ ძალებს ჰყავთ მონოლითური 600,000-კაციანი ელექტორატი, მაგრამ არა იმდენად მოსყიდული, რამდენადაც – სექტანტური მახასიათებლებით. და მთლად მანდატების ორი მეხუთედიც არ აქვთ. არჩევნები წმინდა პროპორციული რომ ყოფილიყო, რისი პირობაც პირადად დადო ბიძინა ივანიშვილმა, დღეს მმართველი პარტია, რომელიც დარჩა არა მხოლოდ პოლიტიკური მოკავშირის გარეშე, არამედ ელემენტარული პარტნიორის გარეშეც, დაკარგავდა ძალაუფლებას დასავლეთის მხრიდან ყოველგვარი “გამართლების” – მხარდაჭერის გარეშეც, რომელიც სტაბილურობით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე რაღაც არჩევნების სამართლიანობით! მით უმეტეს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, რომელსაც აშშ–ის მოქალაქეების თითქმის ნახევარმა და მოქმედმა პრეზიდენტმა გაყალბებული უწოდეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ აფინანსებს მდიდრულ ანტურაჟიან აქციებს, გაგიკვირდებათ, მაგრამ გამოდის, რომ ფინანსისტი თავად სახელმწიფოა, პარტიის დაფინანსების კანონის საფუძველზე! ოპოზიციაში გაქცეული დეპუტატები – ბიზნესმენები და სააკაშვილთან აფილირებული ძალიან სერიოზული ბიზნესჯგუფები, რომლებიც ეკონომიკური დანაშაულისთვის არ დასჯილან!
მე ძალიან მიკვირს, რატომ არ მოახდინა ქართულმა ოცნებამ იმის დემონსტრირება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა! ეს ხომ ელემენტარულია – საჭირო იყო საჯაროდ, ”საყვარელი” დიპკორპუსის თანდასწრებით, ათი საარჩევნო უბნის ბიულეტენების შერჩევითი შემოწმება და ყველაფერი ნათელი გახდებოდა! მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს … ეს რომ გაეკეთებინათ, მეც კი – ადამიანი, რომელიც რეალური შეხედულებებით, და არა საკუთარი პოლიტიკური მრწამსით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, კითხვები არ დამრჩებოდა.
წყარო – www.saqinform.ge