2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიარდი ლარია და გეტყვით რაში იხარჯება ჩვენი ფული

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი, ანუ რაში იხარჯება ჩვენი ფული?

საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიარდი ლარია. მოდით ვნახოთ ზოგიერთი პოზიცია და დავსვათ კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამ თანხების უფრო პრიორიტეტული მიმართულებით (მაგალითად სოფლის მეურნეობაში, დემოგრაფიაში ან სოციალურ პროგრამებში) დახარჯვა?

1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2 მილიონ 460 ათასი ლარი. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაცია 2007 წელს სააკაშვილის მიერ შეიქმნა და დღეს მისი არსებობა სრულიად გაუგებარია. ადმინისტრაციაში დასაქმებულია 85 კაცი.

2. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის აპარატი 2 მილიონ 550 ათასი. სრულიად გაუგებარი წარმონაქმნი, გაუგებარი სათაურით. აპარატში დასაქმებულია 46 კაცი.

3. ახალგაზრდობის სააგენტო 3 მილიონ 500 ათასი ლარი. მთავრობის მიერ 2019 წელს დაფუძნებული აღნიშნული სსიპ-ის საშტატო რიცხვოვნობა კი 44-ით არის განსაზღვრული.

4. რელიგიის საკითხთა სააგენტო (კონფესიების დაფინანსება) 5 მილიონ 330 ათასი ლარი. 2014 წელს სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დაფინასება გადაწყვიტა. საქართველოს ბიუჯეტიდან მუსლიმური თემი: 2,2 მილიონი ლარით, სომხური თემი: 600 000–ით, კათოლიკური თემი: 400 000–ით და იუდეური თემი: 300 000 ლარით დაფინანსდა. შემდგომ წლებში დაფინანსება გაიზარდა.

5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 12 მილიონ 680 ათასი. როგორც აღმოჩნდა, ტურიზმზე მთავარი აქცენტის გაკეთება არასწორი იყო. თუმცა ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება მილიონების გამოყოფა. სანუგეშოა, რომ თუ შარშან 22 და შარშანწინ 50,6 მილიონი იყო წელს მხოლო 12,6 მილიონია გამოყოფილი.

6. საერთაშორისო სამშვიდობო მისიები 33 მილიონი ლარი.

7. პარტიებისა (9,5) და არასამთავრობოების (4,8) დაფინანსება 14 მილიონ 308 ათასი ლარი.

8. პირველკლასელებისთვის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 33 მილიონი ლარი.

9. კონკურენციის სააგენტო 3 მილიონი ლარი. სააგენტოში დასაქმებულია 60 კაცი. კონკურენციის სააგენტოს არსებობა აუცილებელია, მაგრამ საკითხავია, აღნიშნული უწყება რამდენად გამართულად მუშაობს არსებული მონოპოლიური გარემოს პირობებში…

10. საზოგადოებრივი მაუწყებელი 70 მილიონი ლარი. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში არ დგას, შესაბამისად, მისი დღევანდელი სახით არსებობა და ბიუჯეტიდან 70 მილიონით დაფინანსება მიუზანშეუწონელია.

11. სახალხო დამცველის აპარატი 8 მილიონ 500 ათასი ლარი. აპარატს 123 თანამშრომელი ჰყავს. სახალხო დამცველის აპარატს, ისედაც დიდ დახმარებას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარით დაფინასება ვფიქრობ ძალიან დიდი თანახაა.

12. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება 855 ათასი ლარი. შტატის რიცხოვნობა 18 კაცი. საინტერესოა რა აუცილებლობას წარმოადგენს აღნიშნულის ინფორმირებაში მილიონამდე ლარის გადახდა და 18 კაცის შენახვა…

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების გადამზადება 2 მილიონ 495 ათასი. ზოგადად კვალიფიკაციის ამაღლება კარგია, მაგრამ არსებულ პირობებში 2,5 მილიონის გადახდა ბიუჯეტიდან არამგონია სწორი იყოს. მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე სქემა, თითქმის ყველა სამინისტროში მოქმედებს, მაგალითად საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება 850 ათასი ლარი ჯდება; მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების გადამზადება 1 მილიონ 870 ათასი ლარი; ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადება 2 მილიონ 400 ლარი და სხვა… როგორც წესი გადამზადება–ტრენინგები „ახლობლურ“ გარემოში ტარდება.

14. ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა 853 მილიონი ლარი. ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა სატრანზიტო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოება და ინდუსტრიალიზაციაა. მითუმეტეს, როდესაც აქედან 601 მილიონი ლარი საბანკო კრედიტია. ეს საავტომობილო გზების მშენებლობა, მოვლა–შენახვაში არ აგერიოთ, ის კიდევ სხვა თანხაა, კერძოდ 788 მილიონი ლარი და აქედან 104 მილიონ 500 ათასი ლარი კრედიტი.

P. S. წლევანდელ ბიუჯეტში საგარეო ვალს კიდევ 1 მილიარდ 374 ათასი მილიონი ლარის კრედიტი ემატება.

ზვიად ტომარაძე”