აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის  ზოგიერთ მოქალაქესა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესეს. მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ამერიკის სანქციათა სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის ლიდერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში დანილ მარტინოვი, ჩეჩნეთის ვიცე პრემიერი ვაჰით ისმაევი, რამზან კადიროვის წარმომადგენელი ზიად საბსაბი, კადიროვის ცხენების მწვრთნელი სატიშ სიმარი, კადიროვის წარმომადგენელი ევროპაში ტიმურ ძუგაევი, ასევე აჰმათ კადიროვის ფონდი, საფეხბურთი კლუბი “აჰმათი”, “აჰმათის” ჩემპიონატი, “ჩეჩნეთის მინერალური წყლები” და “მეგასტროინვესტი”.

ბრიტანეთის მაგნიტსკის სიაში მოიაზრებიან ქალაქ არღუნის პლიციის უფროსი აიუბ კატაევი, ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი და სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმი “თერგი” (ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ წამებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის).

ცოტა ხნით ადრე ამერიკელი სენატორები ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებდნენ მაგნიტსკის აქტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ.

მაგნიტსკის აქტი აშშ-ში 2012 წლის დეკემბერში მიიღეს. სანქცები შეეხო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევებში ედებათ.

მოგვიანებით აქტს მიეცა კანონის გლობალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სანქციები გამოყენებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნებიან დადანაშულებულნი.