ო დ ა – “ახალჩამოსხმა ჯორჯიელ პატრიოტზე” – დაათ ცაბაძე

ითვლება, რომ ჯორჯიელი პატრიოტი ძალიან თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და შეუპოვარია.

ვერასდროს დაუშვებს, რომ ვინმე გარედან კარნახობდეს, თუ როგორ იცხოვროს. “ვინმეში”, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩრდილოეთის ყინულოვანი ბოროტების იმპერია მოიაზრება…
დამოუკიდებლობის ხათრით, პატრიოტი უარს ამბობს რუსულ გავლენაზე, ენაზე, კულტურაზე. ამრეზით უყურებს მაიონეზ “სლობოდას”, “პრიჩუდას” ხრაშუნის გაგონება მის რისხვას იწვევს, ვიღაც რუსი დეპუტატის პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომა მისთვის რევოლუციის საბაბია.

თუმცა, ყველაფერი იცვლება, როცა ქვეყანას ამერიკელი მაღალჩინოსანი სტუმრობს… პატრიოტული მედია მრავალსაათიანი ლაივის რეჟიმში აშუქებს მისი თვითმფრინავის დაშვებას – აი ტრაპიც მიადგეს, ველით, მაღალჩინოსანმა მარცხენა ფეხი ჩამოდგა, შემდეგ მარჯვენა, დაახველა, მიესალმა. პატრიოტს თვალები უწყლიანდება…
ჩამოვიდა, რომ მთავრობას და ოპოზიციას თითი დაუქნიოს, სიტუაცია დაალაგოს, ანგარიში ჩაიბაროს, მოკლედ, ყველაფერი ისე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებში ხდება, ასეთი თავისუფლებისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირდა.
ახალი იმედები, სურვილები, სულ ცოტაც და საქართველოს სანაპიროს უძლეველი ამერიკული ფლოტი მოადგება, საქართველოს ზეცაში ამერიკული თვითმფრინავები გამოჩნდებიან და ყველა ქალაქში ბაზა დაიდგმება.

მერე?

მერე რუსეთს მესამე მსოფლიო ომს გამოუცხადებს გაგრის პლიაჟების და ჯავის ხეობის დასაბრუნებლად, კრემლს შემუსრავს და მთელი კავკასია, ნიკოფსიითგან დარუბანდამდე, ერთ დიდ დემოკრატიულ ფერხულში ჩაებმება, ფერხული გეი-აღლუმში გადაიზრდება, რომელიც აღარასდროს დასრულდება…

პატრიოტი უკვე ცხარე ცრემლით ტირის და მიწას კოცნის, მაგრამ, ამასობაში, პომპეოს თვითმფრინავმა თბილისი დატოვა. ამინდიც ატირდა…

დაათ ცაბაძე