“რესპუბლიკურ პარტიას” მე ვერაფერში ვერ დავეხმარები – გიგი უგულავა

“ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო” – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში.

“ჩემთვის ტესტი პოლიტიკოსის თუ პარტიის არის, ვინ აქტიურობს მათი ქმედების შეფასებისას. “რესპუბლიკური პარტია” თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში დავეხმარები. ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში, ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად, ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. მე ამას ოპოზიციაში დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არის კრისტალიზაციის პროცესი და გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს, ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს” – განაცხადა უგულავამ.

წყარო: ptn.ge