მოსკოვში, ქართველი “კანონიერი ქურდი” მერაბ ლომსაძე, “ბასმაჩა” დააპატიმრეს

მოსკოვში საქართველოს მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის წარმოშობით რუსთაველი „კანონიერი ქურდი” მერაბ ლომსაძე აღმოჩნდა. 58 წლის ლომსაძეს კრიმინალურ წრეებში „ბასმაჩას” სახელით იცნობენ.

ren.tv-ის ინფორმაციით, დაზარალებული გახლავთ 70 წლის პენსიონერი, რომელიც მერაბ ლომსაძემ გაცნობის საიტის მეშვეობით გაიცნო და თავი წარმატებულ ბიზნესმენად წარუდგინა. როგორც თავად დაზარალებული ჰყვება, ქართველმა მამაკაცმა მას თავი შეაყვარა, თუმცა ერთ დღესაც ის ტრანკვილიზატორებით დააძინა და გაძარცვა. მერაბ ლომსაძემ 70 წლის პენსიონერს 9 მილიონი რუბლი გასტაცა.

მოსკოველი პენსიონერი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც პოლიციას მიმართა, თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. რუსი გამომძიებლების აზრით, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ თაღლითურ სქემასთან. გამოძიების ვერსიით, მერაბ ლომსაძე მარტოხელა ქალების ხაფანგში გაბმით დიდი ოდენობით სარგებელს იღებდა.