“ივანიშვილს “ოცნების” სია არ მოსწონს და რიგგარეშე არჩევნები უნდა”

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდეს, პატრიოტებიდან დაწყებული, გირჩით და ბოკერიებით დამთავრებული, ზედ მიყოლებული ნატო ჩხეიძით, ყველას ვიხილავდით პარლამენტში.

– ანუ მას არ უნდა?

– მას არ უნდა ეს. მას უნდა რაღაცა კრიზისის შექმნა, როგორც ჩანს, რიგგარეშე არჩევნები უნდა.

– ანუ რა გამოდის, რომ ოპოზიცია თამაშობს ბიძინას თამაშს?

– აბსოლუტურად! თუმცა საჭირო სულაც არ არის, რომ ოცივე ოპოზიციონერმა იცოდეს, რომ ბიძინას თამაშს თამაშობს. ის ეტყვის ხუთ გავლენიან ოპოზიციონერს და დანარჩენები თავის აზრს ახვევენ მთელ ოპოზიციას. ბიძინას რომ სურდეს პატრიოტთა ალიანსის შეყვანა პარლამენტში, ერთი თითის დატკაცუნებით გააკეთებს ამას. ასევე ზუსტად იგივეს გააკეთებდა ყველა იმ ბიზნესმენზე, რომელიც ახლა არის ოპოზიციის რიგებში. ვგულისხმობ ჩოჩელს, ოქრიაშვილს და ასე შემდეგ. თუმცა აქ საუბარი სხვა რამეზეა.

– რაზე?

– იმაზე, რომ ბიძინას არ სურს ეს პარლამენტი. არ უნდა, რომ ესენი პარლამენტში იყვნენ. როგორც ჩანს, თავისი სია არ აწყობს და სულ სხვა სიის წარმოდგენა უნდა. იმიტომ, რომ იმ სიაში ვალდებულებები ვინც აიღო, მათ ის ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ამიტომ ბიძინას გაუჩნდა სურვილი, რომ ის გუნდი, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, მოიშოროს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა