ტრამპი ვაქცინაციას მხარს უჭერს – ახლა რას იტყვიან ნეტავ, ქართველი ტრამპისტები?!

შეერთებულ შტატებში 14 დეკემბრიდან კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია იწყება. კომპანია BioNTech–ისა და Pfizer–ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინაციის 145 ცენტრს გადაეცემა. ამის შესახებ შაბათს, თეთრი სახლის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გუს პერნამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკებსა და მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებს ჩაუტარდებათ.

მანამდე, 12 დეკემბერს პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყებოდა.

ამ დროს კი, კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ან ლიცენზირებული არ არის, თუმცა, 12 დეკემბერს ადმინისტრაციამ 16 წელს მიღწეულ პირებში მისი “გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში” გამოყენების ნებართვა გასცა. ამასთან, გაურკვეველია, როგორ შეიძლება, აცრა განიხილებოდეს “გადაუდებელ საჭიროებად”.

მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს ვაქცინის ლობირება. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, არსებობს ”მკაფიო მტკიცებულება” იმის შესახებ, რომ ვაქცინა Covid-19-ის პრევენციის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდეს. ამ ლობირება-პროპაგანდაში აშშ-ის აწ უკვე გადარჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამ თანამდებობაზე კიდევ ერთ თვეს დაჰყოფს, პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს. მეტიც, იგი არანაირ რისკებზე არ საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, ახალ, ჯერ კიდევ არასაკმარისად აპრობირებულ ვაქცინას მოჰყვეს:

”ჩვენმა ერმა მიაღწია სამედიცინო სასწაულს. ჩვენ ცხრა თვეში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მივიღეთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპისვე განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზაც პაციენტი უახლოეს 24 საათში მიიღებს, თუმცა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია 14 დეკემბრიდან დაიწყება.

აშშ მეექვსე ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და მექსიკის შემდეგ, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ტრამპის გადაწყვეტილება მკვეთრ დისონანსშია ქართველ “ტრამპისტებთან”, რომლებიც, როგორც წესი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “კოვიდზე” ვაქცინაციის იდეას. ტრამპის მომხრეობა და ვაქცინის მოწინააღმდეგეობა – აშკარად კორელირებენ ერთმანეთთან.

ამიტომ მით უფრო საინტერესოა, ახლა რას იტყვიან ისინი – ან ტრამპის მხარდაჭერას უნდა შეეშვან ან პირველებმა უნდა გაიკეთონ აცრა, როდესაც ამის ნებას დაგვრთავს დასავლეთი.