ვიდეო: რუსეთმა მძიმე გადამზიდავი რაკეტის წარმატებული სატესტო გაშვება განახორციელა

რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა მძიმე გადამზიდავი რაკეტის – Angara-A5-ის – წარმატებული სატესტო გაშვება განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა დღეს დილით, არხანგელსკის რეგიონში მდებარე პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს.

„კოსმოსური ძალების ოპერატიულმა ეკიპაჟმა Angara-A5 კლასის გადამზიდი რაკეტის საცდელი გაშვება წარმატებით განახორციელა”, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, Angara მსუბუქი, საშუალო და მძიმე კლასის გადამზიდავი რაკეტებისაგან შედგება, რომლებსაც 37.5-მდე ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. ის იყენებს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის კომპონენტებს. დღემდე რუსეთმა Angara-ს ორი სატესტო გაშვება განახორციელა, ორივე პლესეცკის კოსმოდრომიდან: მსუბუქი Angara-1.2PP 2014 წლის ივლისში, ხოლო მისი მძიმე ვერსია 2014 წლის დეკემბერში გაუშვა.