აშშ-მა თურქეთს რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს რუსული წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებისთვის სანქციები დაუწესა, – BBC-ის ინფორმაციით სანქციების დაწესების შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა ნატოს ტექნოლოგიასთან შეუთავსებელია და ევროატლანტიკური ალიანსისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების დირექტორატის პრეზიდენტი ისმაილ დემირი და კიდევ სამი თანამშრომელი მოხვდნენ.

სანქციები გულისხმობს აშშ-ის საექსპორტო ლიცენზიის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო და აშშ-ს მოუწოდა, „უსამართლო გადაწყვეტილებას გადახედოს“.