მოსახლეობა ეგრეთწოდებული მათხოვრული სამთავრობო დახმარების მოლოდინშია …

ხელისუფლება მოსახლეობისთვის გასაცემი მორიგი დახმარების სამზადისშია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ვერასდროს ისარგებლებენ ეგრეთწოდებული მიზერული დახმარების ამ სამთავრობო პროგრამით!

ჩვენს საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ დახმარებები არათანაბრადაა განაწილებული. როგორც პირველი ლოკდაუნის, ისე მეორე შეზღუდვების დროს ხელისუფლების მხედველობის არეალში არ მოხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ტოტალური უმუშევრობის გამო ვერ იშოვეს სამუშაო და უჭირთ. ამიტომაც ისმის მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში საყვედური, რომ “თავის დროზე სამსახური არ მომცა ხელისუფლებამ, ახლა კი დახმარებასაც არ მაძლევს“.

რაც შეეხება არაფორმალურად დასაქმებულებს, ისინიც არ არიან კარგ მდგომარეობაში. პროფკავშირები პრემიერ გახარიას მოუწოდებს, თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება არაფორმალურად დასაქმებულებსაც მიეცეთ. მათი თქმით, სამწუხაროა, რომ კომპენსაციის მიმღებთა სიიდან გამოირიცხა 150 ათასამდე არაფორმალურად დასაქმებული, მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი კატეგორია (ქუჩის მოვაჭრეები, ძიძები, შინამოსამსახურეები, დღიური მუშები და სხვა მრავალი).

დახმარებას ითხოვენ ხელოვანებიც. მომღერალი მერაბ სეფაშვილი აცხადებს, რომ არსად მუშაობს და მის მსგავსად სხვებმაც უნდა მოითხოვონ დახმარება, რადგან ასეთი რამ არსად ხდება, „არავინ გამოდის და არ გეუბნება, გექნება 200 ლარი“.

რამდენად ჰუმანური საქციელია, როცა მხოლოდ თვითდასაქმებულები ითვლებიან შემწეობის ღირსად და არა ტოტალურად უმუშევრები?

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არის არაორდინალურ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება, თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი შემთხვევა ბოლო ასი წლის მანძილზე კაცობრიობას არ ჰქონია და ყველა ქვეყნისა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის მისაღები ქცევის ე.წ. პროტოკოლი პანდემიის პირობებში არ შეგვიმუშავებია და ამას დიდი დრო სჭირდება.

„ამიტომ გამორიცხული არ არის, გარკვეული უზუსტობები და გამოტოვებები გვქონდეს. სრულიად უმუშევარ გაჭირვებულ ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ კატეგორიას დავუმატებდი კიდევ ერთ კატეგორიას – ხელოვანებს. რა ვუყოთ იმ თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოქმედებითი დატვირთვით და პერფორმანსით ირჩენდნენ თავს და დღეს საერთოდ ბორტს მიღმა არიან დარჩენილნი? რა ვუყოთ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებმაც მიიღეს განათლება, მაგრამ შრომის ბაზარზე კონკურენციის გამო ვერ შეძლეს ადგილის დაკავება და არც დასაქმებულებში ითვლებიან, არც თვითდასაქმებულებში? შეიძლება მათ ოჯახებს იმდენად არ უჭირთ, მაგრამ მათ, როგორც სოციალურ არსებებს, უდავოდ ექნებათ სერიოზული დისკომფორტი, მათ შორის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავიანთი ყოფის გამო. ეს მომენტიც გასათვალისწინებელია სხვა მომენტებთან ერთად. თუმცა მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ ხელისუფლებას და ნუ ვიქნებით კრიტიკულნი, დღევანდელი ხელისუფლების ადგილას ნამდვილად არ ვისურვებდი ყოფნას, რადგან დღეს მათ უმაგალითო ზეწოლისა და ფსიქოლოგიური გამოცდის წინაშე უწევთ დგომა“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული საარსებო დახმარება 70 ათასიდან ასი ათას ქულამდე და, ვინც უმუშევარია, მათი უდიდესი ნაწილი ამ კატეგორიას განეკუთვნება. ახლა თუ ადამიანს შემოსავალი აქვს, ან დაგროვილი თანხა გააჩნია და ამ ქულების რეიტინგში არ არის იმდენად უმწეო, რომ საარსებო შემწეობა დასჭირდეს, რატომ უნდა დაეხმაროს მას სახელმწიფო, როდესაც სხვებს უფრო მეტი საჭიროება აქვთ?! ის, რომ ადამიანი უმუშევარია და, გინდა თუ არა, უნდა დავეხმაროთ, არ არის სწორი. უნდა დავეხმაროთ მას, ვისაც საარსებო სახსრები არ აქვს. სხვა მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. მთავრობა ანაწილებს დახმარებებს იმის მიხედვით, ვის რა საჭიროება აქვს.

„პრინციპია ასეთი, სახელმწიფო ეხმარება ყველაზე უფრო გაჭირვებულებს, ყველას ვერ დაეხმარება, ეს შეუძლებელია. როგორც წესი, სოციალურად დაუცველები უმუშევრები არიან ხოლმე. ცხადია, ხარვეზიანია სოციალური დახმარების სისტემა, ქულების მინიჭებას ხარვეზები აქვს, შეიძლება ამის რეფორმირება გახდეს საჭირო და სოციალური დახმარების სისტემამ ხელი კი არ შეუწყოს სიღარიბის დისტრიბუციას, ანუ, ვინც უფრო გაჭირვებულია, კი არ უნდა იყოს წახალისებული სახელმწიფოსგან, არამედ საარსებო შემწეობა მეტ აქტიობას უნდა უწყობდეს ხელს. მოქალაქეს მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ სამსახური იპოვოს, დასაქმდეს და რამე გააკეთოს“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბარში და დასძინა, რომ ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგია, რაც ამერიკელებმა დიდი დეპრესიის დროს გააკეთეს.

საუბარია საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაზე, როცა გამათხოვრებულ ადამიანებს რუზველტმა მისცა სამუშაო და თანხის გამომუშავების საშუალება, ადამიანებს თანხებს ტყუილად კი არ აძლევდნენ, არამედ საკუთარი შრომის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი დეპრესიიდან ვერასდროს ვერ გამოვიდოდა.

წყარო: for.ge