– დავიღალეთ! – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე გამოსვლისას და ამით საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობაც გამოხატა!
ჩვენ მართლაც დავიღალეთ თვალებში ნაცრის შეყრით – გაუთავებელი კინკლაობით სულგაყიდულ პოლიტიკოსებს შორის, რომელმაც უბინძურესი სახე მიიღო და ქვეყანა მოღალატეთა და ღვთისმგმობთა საჯილდაო ქვად აქცია.
ბევრი შიშობს: თუ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა კახური ჯორიდან არ ჩამოვა და პარლამენტში არ შეგრიალდება, ეს „ქართული დემოკრატიის“ კრახი იქნება! მეტიც, მათი აზრით, ჩვენ მივიღებთ იმ ავადსახსენებელი კომუნისტური სისტემის ანალოგს, სადაც ყველაფერს ერთი პარტია როგორც სურდა, ისე ჭრიდა და კერავდა!
ერთი შეხედვით, ასეც იქნება – „ქართულ ოცნებას“ სხდომათა დარბაზში არ ეყოლება ოპონენტი, რომელიც მათ მიერ წარდგენილ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას ფორმალურად მაინც გააკრიტიკებს!
ერთი სიტყვით, ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ აგონიამდე მისული ქუჩის ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ერთის მხრივ, „ქართულ დემოკრატიას“ „დედა“ არ ეყოლება, ხოლო, მეორეს მხრივ კი „ქართულ ოცნებას“ კრიჭაში ჩამდგარი ოპონენტი.
კარგია ეს, თუ ცუდი?! – გააჩნია, რა კუთხიდან შევხედავთ.
ის, რომ დესტრუქციული, ბოლომდე გაკოტრებული ოპოზიცია (ასეთები რომ არიან, ბოლო თვეებმა აშკარად დაამტკიცა) პარლამენტში არ შევა, ძალიან კარგია. ამით ჩვენ ავცდებით იწილო-ბიწილოს და „გამიშვი-დამაკავეს“ გაუთავებელ სცენებს, რომელსაც არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია საქართველოსთვის!
თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში, მოგვიანებით ვიტყვი.
ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, მე ნაკლებად მჯერა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული რეოლუციის – ამის მზაობა ქვეყანაში არ იგრძნობა, მაგრამ, ყველაზე ცუდი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ამ გამძვინვარებული ეპიდემიის ფონზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაქსიმალურ კრიზისში გადაყვანაა, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლება სათანადო ზომებს არ მიიღებს და ხალხიც ამას შეეგუება!
ახლა კი იმაზე შევჩერდები, თუ რატომ არ არის ქვეყნისთვის კატასტროფა ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა?!
საქმე ისაა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა ხელს არ შეუშლის ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივების თავიდან აცილებას – ორივე მათგანის (პოზიციის და ოპოზიციის) უკან ერთი და იგივე ძალები დგანან, რომელთა მიზანი სულაც არ არის საქართველოს ინტერესების შესატყვისი. აბა გაიხსენეთ, მთელი ამ 8 წლის მანძილზე, რომელ ანტიქართულ კანონპროექტზე განაცხადეს პროტესტი „ნაციონალებმა“ და მისმა ანასხლეტებმა ან, თუნდაც, „პატრიოტთა ალიანსმა“?! რამდენადაც მახსოვს, არცერთზე.
მაშ, რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას ეს „მრავალპარტიული“ პარლამენტი? არც არაფერს!
თუ ახლადარჩეულმა პარლამენტმა ფუნქციონირება ბოლომდე გააგრძელა, საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკური შოუების („სამკვდრო-სასიცოცხლო“ ჯირითის) მოწმე არ გახდება. არსებითად კი ჩვენს სასარგებლოდ არაფერი შეიცვლება.
თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ აგონიაში მყოფი ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა და მათი მხრიდან გაუთავებელი დესტრუქციული მოწოდებები საზიანოა ქვეყნისთვის, აქვს მეორე მხარეც – ისინი ბოლომდე გამოაჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს! მუდმივი დესტაბილიზაცია კი ხალხს ყელში ამოუვა და როგორც ფორმალური ოპოზიციური სუბიექტები, პოლიტიკურ გვამებად იქცევიან.
დიახ, ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში მათ სრული პოლიტიკური კრახი ემუქრებათ!
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას რამდენიმე მცირემანდატიანი პოლიტიკური პარტიის შესვლის შემთხვევაშიც, ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტის პირობებში მოუწევს მუშაობა, რადგან, ისინი არსებით გავლენას ვერ მოახდენენ პარლამენტის დღის წესრიგზე და მხოლოდ დემოკრატიული ფასადის გალამაზების მისიას შეასრულებენ.
ერთპარტიული პარლამენტი კი კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ნაკლები შანსი ექნებათ დესტრუქციულ ოპოზიციას (უპირველესად, იგულისხმება „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები) გადააბრალონ წარუმატებლობა და იძულებულნი გახდებიან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ – ჩვენ 8 წელია სისტემატურად გვესმის, რომ „ნაცმოძრაობის“ მავნებლური ქმედებები რომ არა, დღევანდელ ხელისუფლებას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო!
ის, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შეუსვლელობით თვითლიკვიდაციის გზას დაადგა, სულაც არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც ჩვენი, საზოგადოების დამსახურება – მათ თვითონ გაითხარეს საფლავი, ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლო ლურსმანს დავაჭედებთ მათ პოლიტიკურ კუბოს თუ ჩვენც შიგ ჩაგვიყოლებენ!
მარჩიელობა იმაზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, არაფერს მოგვიტანს, უფრო სწორად, არსებითად არაფერს ცვლის ჩვენს სასარგებლოდ, რადგან, ვერც ხელახალი და ვერც რიგგარეშე არჩევნები, ამ ეტაპზე გარდა ზიანისა (მატერიალური და მორალური) ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს: ხელახალი (ვადამდელი) არჩევნების შემთხვევაში ისევ იგივე პოლიტშპანა შევა პარლამენტში – ზოგი მეტი, ზოგიც ნაკლები, თუმცა, როგორც იტყვიან, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება!
ვიდრე „ნაცების“ და მათი ანასხლეტების ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არსებობს, „ქართულ ოცნებას“ თავი ქუდში აქვს – ამომრჩეველთა უმრავლესობა „ნაციონალების“ დაბრუნებას არ დაუშვებს. არც ქუჩაში მდგარი და ბარიერს გარეთ დარჩენილი პარტიები უქნია ღმერთს, რომ „ქართული ოცნება“ სხვა სუბიექტებით ჩაანაცვლო – რჩება ერთადერთი გზა: ახალი (თვისობრივად განსხვავებული) პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც საერთო იდეოლოგიის გარშემო გაერთიანდება და ერთსაც და მეორესაც საკუთარ ადგილს მიუჩენს ქართულ პოლიტიკაში. ყოველ შემთხვევაში, წერტილს დაუსვამს პარლამენტში შექმნილ დღევანდელ რეალობას „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეეძლება მიზანმიმართული უნიათობა დესტრუქციულ ძალებს გადააბრალოს!
მიუხედავად დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებისა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა, მიუხედავად, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებისა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათი მონაცემები არსებითად ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, პირიქით შეიძლება ითქვას – არჩევნები გაყალბდა და ამ გაყალბების საიდუმლო თვით საარჩევნო გარემოში (საარჩევნო კანონმდებლობა, დაუზუსტებელი სიები) დევს. ეს კარგად იციან ყოფილი ხელისუფლების „ხელმარჯვე ოსტატებმაც“, რომლებმაც თავად დაუდეს სათავე გაყალბების მექანიზმს ჯერ კიდევ შევარდნაძის ზეობის პერიოდში.
თუმცა, მუდმივი აჟიოტაჟის, ანტიქართული სულისკვეთების (მარიონეტი) პარტიების მომრავლებისა და უსიტყვოდ მორჩილთა გადეპუტატების მიზეზი, მარტო საარჩევნო გარემოში (საარჩევნო სისტემაში) არ დევს – სახელმწიფოს დასუსტების მთავარი ფაქტორი სახელმწიფო მოწყობის ახალი სისტემაა, რომელიც შორს დგას ეროვნული თავისებურებებისგან.
განვიხილოთ ცალ-ცალკე.
დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება ისეთი სისტემით, რომელიც ხელს არ უწყობს პროფესიონალი, თავისუფალი, ინიციატივიანი კანდიდატურების მომრავლებას. ხშირად გვსმენია, რომ ყოველი წინა პარლამენტი სხვადასხვა მახასიათებლებით არსებითად სჯობდა მის მომდევნოს – რაც არ უნდა გაგვიკვირდეს შევარდნაძისდროინდელი პარლამენტი უფრო ქმედითუნარიანი (ქართული სულისკვეთების) იყო, ვიდრე, სააკაშვილისდროინდელი და შემდგომი პარლამენტები.
2024 წლიდან, ანუ, მომდევნო პარლამენტი, საერთოდ დაკარგავს თავის ფუნქციას, რადგან, კენჭს ვუყრით არა პერსონებს, არამედ, პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ამომრჩევლის წინაშე. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არც ერთი პარტია არ არის იდეოლოგიის გარშემო შეკრული ერთობა, არც ერთ მათგანს არა აქვს სახელმწიფოს განვითარების პროგრამა და სტრატეგია და მათი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიური დაპირებებით შემოიფარგლება.
დიახ, საქართველომ გეზი აიღო მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე, როცა ქვეყანას არც ერთი პროფესიონალური პარტია არა ჰყავს.
ზოგადად, არჩევნებმა ჩვენს ქვეყანაში მაშინ დაკარგა აზრი, როცა უარი ვთქვით მაჟორიტარულ არჩევნებზე. არადა, კვალიფიციური პარტიების არარსებობის შემთხვევაში პირიქით უნდა ყოფილიყო.
თუ სტატისტიკას გადავხედავთ – მსოფლიოს 199 ქვეყნიდან, 91-ში ტარდება მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები, 70-ში მხოლოდ პროპორციული, 30-ში შერეული.
ზემოთ ნახსენები მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოში მიზანშეწონილია მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, სადაც კენჭი ეყრება არა ამორფულ (უიდეო) პარტიას, არამედ, პიროვნებას საკუთარი საქმიანი და ადამიანური თვისებების გათვალისწინებით, სადაც არჩეული პასუხისმგებელია ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ არათუ მაჟორიტარული, არამედ არჩევნების შერეული სისტემაც გაგვიუქმეს და პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვეს!
რაც შეეხება სახელმწიფოს მოწყობის სისტემას, საპარლამენტო მოდელზე გადასვლით საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საყრდენი გამოაცალეს – ჯერ ერთი, ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველო არ არის და არც შეიძლება იყოს კოლექტიური მართვის ქვეყანა, სადაც პასუხისმგებელია ყველა, მაგრამ არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას!
აქედან გამომდინარე, საქართველო, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკა (რაც არ უნდა სუსტი პრეზიდენტით ყოფილიყო წარმოდგენილი), გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე, დღევანდელი საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში, როცა ფორმალურად სახელმწიფოს მეთაურად ჯერ კიდევ (2024 წლამდე) იოთვლება უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტი, ხოლო, რეალურ პირველ პირად პრემიერ-მინისტრი, რომელსაც, როცა გინდა, მაშინ მოასრიალებ. რაც შეეხება პარლამენტს, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
დასკვნის სახით კი ვიტყვი:
საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. სპეციალისტთა აზრით, არასწორად, ეროვნულ თავისებურებებს მოკლებულ საარჩევნო სისტემებს უმძიმესი შედეგების მოტანა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნისთვის, თვით სახელმწიფოს დაშლამდეც კი!
მართალია, არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა – ყველას თავისი ნაკლი და ღირსება გააჩნია, მაგრამ იგი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს მორგებული ამომრჩეველთა თავისებურებებს.
დღეს ჩვენ, საზოგადოებას, იმის ილუზიაც არ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც დოზით მაინც გავლენას ვახდენთ პოლიტიკურ პროცესებზე – ხალხს არავინ ეკითხება ბაზარში ბალი ორი შაურია თუ ოთხი შაური, ანუ ვის აასკუპებენ ხელისუფლების უმაღლეს ვერტიკალზე. შესაბამისად, ბოსები არანაირ ვალდებულებას არ გრძნობენ ხალხის წინაშე!
ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გზა მაჟორიტარულ (ან, ყოველ შემთხვევაში, შერეულ) სისტემაზე და ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის დაბრუნებაზე გადის!
ამისთვის მინიმუმ თანამოზრეთა საჩქაროდ გაერთიანება და ძლიერი ცენტრისტული პოლიტსუბიექტის შექმნაა საჭირო.
P.S. არჩევნების გაყალბებაზე და „ქართული დემოკრატიის“ კრახზე არავინ მეკამათოს, რადგან ტოტალური გაყალბების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, დემოკრატიის მექად წოდებულ ამერიკაში არ რცხვენიათ და ჩვენ საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოვიღოთ?!
ამერიკის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისმა უდიდებულესობა – დემოკრატიამ და დემოკრატიის უმთავრეს პირობად აღიარებულმა „სახალხო“ არჩევნებმა, ჩაილურის წყალი დალია.
ამ ფონზე არა სასაცილოდ, არამედ სატირლად ჟღერს პარტიების დაფინანსების თემაც – მით უმეტეს, ისეთი პარტიების, რომლებიც ხალხის მიერ ნებსით თუ უნებლიედ მინიჭებულ მანდატებზე უარს ამბობენ და თავიანთი „კეკლუცობით“ სახელმწიფოს ჩამოშლას უწყობენ ხელს.
კარგად გადაუსვით ხელი და მხურვალედაც მოეფერეთ, თუმცა, შეიძლება ბოლოს გაწბილებული დარჩეთ – დაფინანსებაზეც უარი თქვან!
ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ!!!
ზაურ ნაჭყებია, “ივერიონი”