რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანაქციები საერთაშორისო სამართლის აბუჩად აგდებას ცხადყოფს.
„რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო სამართლისადმი აროგანტულ დამოკიდებულებას ცხადყოფს. ეს არალეგიტიმური, ცალმხრივი შემზღუდავი ზომების გამოვლინებაა, რომლითაც აშშ ათწლეულების განმავლობაში სარგებლობს. ვფიქრობ, ეს აშშ-ს საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტს არ შესძენს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს.
„სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს.