რაც უფრო ავტორიტარულია ესა თუ ის რეჟიმი, მით უფრო შიზოიდურ შეზღუდვებს აწესებს იგი. ასე მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მოისურვა, ერთი ხელის მოსმით დაამარცხოს კორონავირუსი.
კერძოდ, თურქეთის “ბაშქანლიმ” გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჭიროა სრული საახალწლო “ლოქდაუნი” – ისეთი, რომ გარეთ ცხვირი ვერავინ გაჰყოს. 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 4 იანვრის 05:00 საათამდე 80-მილიონიანი ქვეყნის ყველა მოსახლეს ეკრძალება ქუჩაში გასვლა. “კომენდანტის საათი” უწყვეტად იმოქმედებს ამ ხნის მანძილზე – ღამით და დღისით.
თურქეთში უკვე კარგა ხანია, დახურულია თითქმის ყველა ტიპის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრების გარდა, სადაც შეშვება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის და მხოლოდ ციფრული კოდის საშუალებით შეიძლება. კვების ობიექტები მხოლოდ გატანაზე მუშაობენ.
მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, თურქეთში, ისევე როგორც ყველა “დალოქდაუნებულ” ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელება არ ფერხდება. ორშაბათს თურქეთში 29617 დასნეულების შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 229 ადამიანი, რაც “პანდემიის” დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იმედია, თურქებს 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დანიშნული შინაპატიმრობა უშველით, ხოლო ქართველებმა, მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენს “ლმობიერ” და “გულუხვ” მთავრობას, რომელიც საახალწლო დღეებში ერდოღანის მეთოდს არ იყენებს, სუნთქვის უფლებას გვაძლევს (თუნდაც ნიღბის საშუალებით) და, ზოგიერთს, თუ ბედმა გაუღიმა, 300 ლარითაც დაასაჩუქრებს.