142 646 ლარი და 91 თეთრი ბანკებში – პირადი და ოჯახის ეკონომიკური მდგრადობა ანაბრებით აქვს უზრუნველყოფილი, თუმცა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ თუ პანდემიურ ფონზე, აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას სახლები რომ დაუნგრიეს, დააპატიმრეს და ზამთრის სიცივეში ქუჩაში დატოვეს, ახალი მოწვევის პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ღარიბი მოქალაქეების სახლებიდან გამოყრაზე, კომენტარიც კი არ გაუკეთებია.
სამაგიეროდ, გუშინვე მიხეილ სარკველაძის კომიტეტი პირველი მოადგილის არჩევით იყო დაკავებული და ადამიანების უფლებებისთვის არ ეცალა.
სამწუხაროდ, ახალ პარლამენტში ასე დაიწყო ამ მძიმე სფეროში „მოღვაწეობა“ “ქართული ოცნების” მემატიანის, თეა წულუკიანის კადრმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ იუსტიციის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძე წულუკიანის უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მან პოლიტიკური კარიერა 2013 წელს დაიწყო, მანამდე კი, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.
მისი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ის იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც 7 წლის განმავლობაში ვერანაირი უძრავ-მოძრავი ქონება ვერ დააგროვა და ამ თვალსაზრისით, “უქონელ-უპოვარია”.
მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, თუმცა, მისივე საბანკო ანგარიშებს არაფერი დაეწუნება.
დეკლარაციის შევსების მომენტში, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალით თარიღდება, სარჯველაძეს “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე, ანაბარის სახით, ერიცხებოდა 2 345 ლარი და 97 თეთრი, „ლიბერთი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე – 10 300 ლარი და 94 თეთრი, ასევე “ლიბერთი ბაკის” საანაბრე ანგარიშზე 101 000, ხოლო დანაზოგის სახით – 29 000.
სულ საერთო ჯამში, მის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა 142 646 ლარი და 91 თეთრი.
მისივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2019 წელს მას იუსტიციის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 72 641 ლარი და 40 თეთრი. მისმა წლიურმა შემოსავალმა – ანაბრების სახით, შეადგინა 7 896 ლარი 43 თეთრი.
დეკლარაციის მიხედვით, სარჯველაძე არ ფლობს არანაირ წილს რომელიმე კომპანიაში, ანდაც აქციებს.
სარჯველაძის ქონება აქ მთავრდება, თუმცა დეკლარაცია არ დასრულებულა.
მისი მეუღლე ელენე შენგელია ფლობს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 57 კვ.მ საცხოვრებელი ბინის 50%-სა და კასპში, სოფელ ლავრისხევში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ს, რომელიც მან 2006 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
ელენე შენგელიას საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების მომენტში ირიცხებოდა 49 ათას 381 ლარი და 35 თეთრი. მისმა წლიურმა შემოსავალმა, ანაბრების სახით, შეადგინა 5 602 ლარი და 11 თეთრი, ხოლო მისმა ანაზღაურებამ სს “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ექიმის თანამდებობაზე – 8 632 ლარი და 64 ლარი.
სხვა უძრავ-მოძრავი ქონების, საბანკო გადასახადების ან რაიმეს ქონების ყიდვის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დეკლარაციაში არ ფიქსირდება.
გუშინ, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ძირითადად, სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და მათ სახლები უნებართვოდ აქვთ აშენებული. ზოგიერთ შემთხვევაში თბილისის მერიამ შენობების დაკანონების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია დასაქმებისა და უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებელი ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამაზე თანხმდებიან არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილში, რომლებიც ადამიანების უფლებებზე დიდი ხანია მუშაობენ.
მეტიც, პარლამენტს გარეთ, ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე, შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება – დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესიით იურისტს, თანაც წარსულში ადვოკატსა და ახლა კი ადამიანთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია გუშინ, თბილისის მერის, კახა კალაძის უწყების მიერ ჩადენილ უხეშ სამართალდარღვევაზე. აქედან გამომდინარე კი, დიდი ალბათობით, სარჯველაძე ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დიდად ვერ შეძლებს, „ქვედა ფენების“ სასარგებლოდ იმუშაოს – „ზედა ფენების“ ნების წინააღმდეგ.
2020NEWS.GE