ამ შემადგენლობიდან მხოლოდ გახარიას პრემიერმინისტრად აწევა არ გამოვიდოდა – რას უყვება “ალიას” “ოცნების” მაღალჩინოსანი?

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ყველაზე უცნაური სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდა.

საკანონმდებლო ორგანოში მივიდა 88 დეპუტატი (2 დეპუტატი საპატიო მიზეზის გამო, არ იყო) და ერთხმად აირჩია პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის პირველი პირები, დასახელდა უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და… უმრავლესობის ლიდერი ხომ დასახელდა და ჯერ ერთი, უმცირესობა არ არის პარლამენტში და მეორეც, კონსტიტუციის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა აღარ უნდა იყოს და რისი ლიდერია ირაკლი კობახიძე, ალბათ მხოლოდ თავად იცის. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე არჩილ თალაკვაძე არის 89 დეპუტატის თავმჯდომარე, იგივე 89 დეპუტატის ლიდერია კობახიძე და იგივე 89 დეპუტატისგან შემდგარ ფრაქციას თავმჯდომარეობს მამუკა მდინარაძე. ამ დროს კი, გარეთ დარჩენილი ოპოზიცია იმას არკვევს, ვის მხარესაა „ისიფედი“, რომელმაც თავზარდამცემი შედეგები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება – მმართველ გუნდს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ პარლამენტში მარტო არიან და ისე ჩანს, მათი მარტო ყოფნა და ქუჩაში წანწალი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს უკარგავს მოსვენებას. დაიმახსოვრეთ ჩვენი სიტყვა – შევა რამდენიმე ოპოზიციონერი „ბუტკაში“ და თან ბოლო ხმაზე იყვირებს, „არ ვარ მე იმნაირიო“. თუ გახსოვთ, ივანიშვილის ამ ანეკდოტზე მაშინ არავის გაეცინა, ბატონ ბიძინას იუმორიც დაუწუნეს, მაგრამ რეალურად, წინასწარმეტყველური გამოდგა ეს ამბავი და აგერ თქვენ, აგერ ოპოზიციის ლიდერები და აგერ კიდევ „ბუტკად“ ქცეული პარლამენტი.

ეს ყველაფერი კარგი და, ახლა იმ ძალაზე ვთქვათ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მარტო თუ სხვების დახმარებით რომ აპირებს ქვეყნის მართვას. საპარლამენტო უმრავლესობამ თანამდებობები დაინაწილა და არაერთი ადამიანი გაღიმებული დარჩა. გვერწმუნეთ, კომიტეტების თავმჯდომარეობისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვეს მათ, ვისაც ერთი შეხედვით უნდა გაემარჯვა. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ ბევრი ისეთი კადრი დარჩა თანამდებობებს მიღმა, სხვებზე მინიმუმ კომპეტენტური რომ გახლავან ამა თუ იმ საკითხში. მაგალითად გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა, შემდეგ სპიკერატში გაუშვეს, ახლა კი, იმის მიუხედავად, რომ სიის მეშვიდე ნომრად ეწერა, ყველაფრის გარეშე დარჩა, თუმცა…

„თქვენც ხომ კარგად ხვდებით, რომ პარლამენტის ამ შემადგენლობიდან მხოლოდ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად აწევა არ გამოვიდოდა. წულუკიანი გამოირიცხა და გამოირიცხა იმიტომ, რომ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გადასვა ან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან პრემიერობა ჩააბარო. ამიტომ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი თეა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც ჩააბარეს, 4 წელი ნამდვილად არ დარჩება. რაც შეეხება გიორგი კახიანს, ბატონი გაგა მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლებს. ამის შესახებ მას ესაუბრნენ, თანხმობაც მიიღეს და ახლა მხოლოდ გახარიას და ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან. უდიდესი ალბათობით, კახიანი სწორედ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს“,- გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ალია