ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

“სწორედ იმის გამო, რომ ინტელექტი არ ჰყოფნის მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია”, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით – წარსული, სიბნელე.

„რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში. სამადაშვილის ცნობილი შეფასებები გახსოვთ, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით არის წარსული, სიბნელე. საინტერესო შეფასებები ჰქონდა და ყველაფერში ვეთანხმებით. ეს არის კონტრასტი და თვითონაც აცნობიერებენ, ამიტომ უჭირთ მათ პარლამენტში შემოსვლა, არ უნდათ ეს კონტრასტი თვალნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას.

სამადაშვილს რაც შეეხება, ის გარეთ სხვა რამეს საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ სხვა რამეს ფიქრობდა. გვეძახდა, რომ ვიყავით პრორუსული, ჩამორჩენილი, რეგრესული და სინამდვილეში გაირკვა, რომ ფიქრობდა სულ სხვა რამეს, რომ არც პრორუსული ვართ, დასავლეთისკენ მივდივართ, ახალი სახეები გვყავს, ცივილიზებული პოლიტიკური პარტია ვართ და .ა.შ.

რაც შეეხება ვაშაძეს, განცხადება გააკეთა, გაემიჯნა. გამიჯნვას რაც შეეხება, საინტერესო რა არის, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია იყო დასუსტებული, დასაშლელი და ა.შ. რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, ეს საქმე ახლა თვითონ მიჰყავთ. ბოკერიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ დემოკრატიას, ასევე სააკაშვილმა და გვარამიამ, ისინი შლიან თანდათანობით ამ რადიკალურ და მარგინალურ ოპოზიციას, ჯერ „ევროპული საქართველო“ ჩამოანგრია თვითონ, საკუთარი პარტია, მერე „გირჩი“ დაშალეს, ახლა „ნაცმოძრაობა“ დაშალეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოში რომ ყოფილიყო, „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ, 50%-ს აიღებდა.

აღნიშნულს კობახიძემ ასე უპასუხა: „იოცნებოს მაგაზე“.