აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი, აკაკი გოგიჩაიშვილი თბილისში, აფრიკის დასახლებაში უნებართვო მშენებლობების დანგრევის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ “ის სასტავი ასაყრელია” და ისიც იცის, ვინ დგას მათ უკან.
ამის შესახებ აკაკი გოგიჩაიშვილმა მემარცხენე აქტივისტის, ლევან ლორთქიფანიძის პოსტის კომენტარებში დაწერა, რომელიც ეხებოდა კრიტიკას იმის შესახებ, თუ რატომ არ გააშუქა აჭარის ტელევიზიამ სათანადოდ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები.
“ის სასტავი რომ ასაყრელია და არამარტო მანდ, და რეალურად ვინ დგას მაგათ უკან, როგორ ისაკუთრებენ და მერე ყიდიან მიწებს, ზუსტად ვიცი”. – წერდა აკაკი გოგიჩაიშვილი კომენტარში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აფრიკის სათანადოდ არგაშუქების ფაქტს კი იმით უპასუხა, რომ მათ შესაბამისი რესურსი არ აქვთ თბილისში მობილიზებული.
16 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობები დაანგრია, რასაც პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ადგილზე 13 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერიას მოუწოდებდა, შეეწყვიტა დემონტაჟის პროცესი.
საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.
ღია საზოგადოების ფონდი კი წერდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, “ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია”.
თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და “დავამთავროთ ეს უმსგავსობა”.
26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.