ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ, სსრკ-ს იდეოლოგიური გაკოტრების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზია ადამიანთა გონებით მანიპულაციის ესოდენ მძლავრი იარაღის ფუნქციას შეინარჩუნებდა.
მაგრამ ტელევიზიას სოციალური ქსელები დაემატა და ურჩხული ჩვენი შეგნების ბატონ-პატრონი გახდა. დღეს სწორედ ამ ორთა კავშირი განსაზღვრავს მასების აზროვნებას, შეფასებებსა და, რაც მთავარია, წარმოდგენას სინამდვილეზე. XXI საუკუნე უკვე ნაკლებად ხელმძღვანელობს ფაქტებით, ხოლო რეალობაზე წარმოდგენა ამ ორთავიანი გველეშაპის ფაბრიკაში იქმნება.
ცალკე აღებული სიმართლე გაქრა, ის აღარც არის მოთხოვნადი, მთავარი გახდა მხოლოდ მაღალი ფენის ფინანსური და პოლიტიკური ჯგუფების მიერ მისი ინტერპრეტაცია. ახალ სიმართლეს, რომელიც სინამდვილეს მხოლოდ გარეგნულად ემთხვევა, ტელევიზია და სოცქსელები ქმნიან. სწორედ ისინი აყალიბებენ ელიტისთვის სასურველ რეალობას, გვისახავენ მიზნებსა და გვიმყარებენ გარკვეულ ილუზიებს – ე.ი. მანიპულირებენ ჩვენი ცნობიერებით.
ფულს შენახვისა და გამრავლებისთვის ბანკში ათავსებენ, ხოლო იმისთვის, რომ გონებამ პიროვნება კარგად ,,შეინახოს“ (დაიმახსოვროს), ის ტელეეკრანზე თვალების აჭრელებამდე ხშირად უნდა ჩანდეს. ასე წარმოებს ,,ვარსკვლავის“ სახისა და მისი აზრების ტირაჟირება – ანუ ,,გამრავლება“ და მასის თავში ჩაბეჭდვა – ,,გაპოპულარულება-გაძვირება”.
ამიტომ პოლიტიკოსები და სხვა სახის ,,სელებრითები“ ტელევიზიისგან, როგორც მძიმე ნარკოტიკისგან, ისე არიან დამოკიდებულნი. შეამჩნევდით, როგორ ებადრებათ მათ სახეები, ეცვლებათ იერი და ქცევა კამერის გამოჩენისთანავე – ისინი მნიშვნელოვნების შეგრძნებით ივსებიან… თანდათან კი ,,ტელეპოპულარობის“ ნარკომანია ყალიბდება! პროცესი ორმხრივია – არანაკლებ დამოკიდებულია თავსმოხვეულ ,,სელებრითებსა“ თუ მათ მიერ დახატული სინამდვილის სურათზე მაყურებელიც.
ორთავიანი გველეშაპი უკვე სიკვდილ-სიცოცხლესაც განაგებს – როგორც ,,ვარსკვლავის“, ასევე მასების წარმოდგენაში პიროვნება ცოცხლობს მანამ, სანამ ის ეკრანზე ციმციმებს, ხოლო როგორც კი იქიდან ქრება – კოლექტიური ცნობიერებისთვის ადამიანიც კვდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს დასკვნა: ტელევიზია და სოციალური ქსელი ,,ვარსკვლავების“ ,,სულის ბანკად“ იქცნენ – მხოლოდ ამ სივრცეში ინარჩუნებენ ისინი სიცოცხლისუნარიანობას. მგონი, არის გარკვეული მსგავსება ფაუსტისა და ეშმაკის გარიგებასთან, რომლის მიხედვითაც დოქტორი საკუთარ სულს ცვლის შეუზღუდავ ცოდნასა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე…
ასეთივე სიმძლავრის იარაღია ეს ურჩხული პიროვნების დემონიზაციის საქმეში. მაგალითისთვის, საკმარისია ტელე- ინტერნეტ ფაბრიკის სულ ერთდღიანი კამპანია და დევნილ ადამიანს მასების ზიზღი გარანტირებული აქვს! ხალხი ხომ ნებისმიერ საძაგლობას უცებ იჯერებს – იქნება ეს შურიანის, მოღალატის, ნარკომანისა თუ სხვ. იარლიყი. მოკლედ, ამოცანა მარტივად სრულდება – ესა თუ ის პიროვნებაც ნადგურდება და მასაც სიძულვილის სასურველ ნარკოტიკს იღებს!
ინტერნეტის მეორე ფუნქციაა – ცოდნის მიღება. დღევანდელ ახალგაზრდებს – ,,გუგლის თაობაც“ კი შეარქვეს. თუ ადრე ცოდნისა და ინფორმაციის მოძიება-მიღება ბიბლიოთეკაში დიდი შრომის ფასად ხდებოდა, დღეს თითქმის იგივე მოცულობის სამუშაოს შესრულებისთვის, ,,გუგლში“ ერთი სიტყვის ჩაწერაც საკმარისია. ადრე ცოდნის მომპოვებელი ემსგავსებოდა ოკეანეში ღრმად მყვინთავს, დღეს კი ის ტალღების ზედაპირზე, როგორც სერფერი, ისე დასრიალებს. ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომია, სამაგიეროდ, ის არ არის ღრმა და მას, როგორც ადრე, ადამიანი აღარ ინახავს. დამახსოვრება, როგორც ადამიანის ტვინის ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია და, შესაბამისად, სავარჯიშო, აღარ არის საჭირო. ტვინში ცოდნა არ აკუმულირდება, ამიტომ გონი მას მუდმივად არ ამუშავებს და, მაშასადამე, მეხსიერება ქვეითდება, აზროვნება კი ზედაპირული ხდება.
შედეგად, მიდის მომავალი თაობების გონებრივი დეგრადაცია. ტვინი ,,ზარმაცდება“ – ის არა მასში შექმნილი სახე-ხატებითა და წარმოდგენებით, არამედ მოწოდებული ტელე-ინტერნეტ-შაბლონებით აზროვნებს. ადამიანი ნაკლებად ფიქრობს, მისი აზროვნება ტელე-კლიშეებით იზღუდება – ცნობიერების ფუნქციას, განსაკუთრებით მოზარდებში, დიდწილად ახალი დროის მონსტრი იბარებს…
ზ.ო. – 2020, დეკემბერი
ზურაბ ოდილავაძე