ტიკარაძემ  პირდაპირ არ მოითხოვა გახარიას შინ გაშვება, მაგრამ მიანიშნა, რომ პრემიერი დიდ პრობლემებს უქმნის

ახლა ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, ვიხილავთ თუ არა მინისტრთა ახალ კაბინეტში ეკატერინე ტიკარაძეს. მოგეხსენებათ, მას და პრემიერს არც თუ თბილი ურთიერთობა აქვთ და ყველა ელოდება, ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული.

 

ჯერჯერობით, სასწორი აშკარად გახარიას მხარესაა, რადგან ის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა, თუმცა…

„იმ კონფლიქტის შემდეგ, ტიკარაძემ ორჯერ ნახა ივანიშვილი და მერწმუნეთ, ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. მან პირდაპირ არ მოითხოვა გახარიას შინ გაშვება, მაგრამ მიანიშნა, რომ პრემიერი დიდ პრობლემებს უქმნის და არც თუ იშვიათად, ზურგსუკან მის არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. ახლა, ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა იმ ნაღმად ტიკარაძე მინისტრთა კაბინეტში, რომელზეც ადრე თუ გვიან, გახარია აუცილებლად აფეთქდება, თუ არსაიდან მოსული სტომატოლოგი ისევ ისე გააქროს, როგორც გამოაჩინა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდების (კალაძე-კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე) გუნდს გახარია დიდად გულზე არ ეხატება, მხარს ამ ეტაპზე მაინც მას უჭერენ, რადგან პრემიერს მოსახლეობაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს და სისულელე იქნება, ამ ავტორიტეტის არ გამოყენება. ესეც არ იყოს, ჯერ მათთვის გახარიას წასვლა აუცილებელი არ არის, ეს მერე, გაზაფხულისკენ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების დასახელების დრო მოვა. აი, ამ დროს შეეცდებიან გახარიას გვერდით გაწევას და პრემიერად ისეთი პიროვნების შერჩევას, როგორიც მაგალითად მამუკა ბახტაძე იყო. ასეთ შემთხვევაში, ახალი პრემიერის გვერდით გაწევაც არ იქნება პრობლემა…

ალია