მკვლელმა პირი გააღებინა, თოფის ლულა ჩაუდო და ისე ესროლა

ქობულეთში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, 50 წლის ვალერი ვერულიძე მოკლეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევით გამვლელი დაუკავშირდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე გარდაცვლილის ახლობელი საუბრობს, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა:

“ვალერის თოფი შორიდან კი არ აქვს ნასროლი, ზურგიდან ან მკერდში, არამედ მკვლელმა პირი გააღებინა, თოფის ლულა ჩაუდო და ისე ესროლა. ამ ორის მტრობა ახლა კი არა, ასლან აბაშიძის დროიდან დაიწყო და მაშინდელი პოლიტიკურ-კრიმინალური ამბების ექომ დღემდე მოატანა. ბოროტება ასე ადვილად როდი კვდება! თანაც გარდაცვლილს მკვლელი სულ ემუქრებოდა, მოგკლავო.

არ ვიცი, როგორ უნდა მოეხერხებინა მკვლელს, მაგრამ ფაქტია, მსხვერპლი მან პირში სანადირო თოფის ლულის ჩადებით მოკლა, თანაც – სადგურის მწვანე ზოლში, სადაც, ცხადია, ვალერი მოტყუებით მიიყვანა. გარდაცვლილს ეჭვიც არ აუღია, რომ მკვლელი სწორედ იმ მომენტში უპირებდა სიცოცხლის გამოსალმებას, თორემ მასთან არ მივიდოდა.

ასეთი სასტიკი მკვლელობები მხოლოდ მოკლულის ოჯახს კი არა, ირგვლივ ყველას გვზაფრავს – როგორ უნდა იყო იქ მშვიდად, სადაც ხალხი ერთმანეთს პირში თოფის ლულის ჩადებით ხოცავს?!” – განუცხადა “კვირის პალიტრას” გარდაცვლილის ახლობელმა.

როგორც გაირკვა, სამართალდამცავებმა მკვლელი უკვე დააკავეს.

 

“რეზონანსი”