ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით თქვეს უარი სადეპუტატო მანდატებზე. ლეიბორისტულმა პარტიის შემდეგ, 16 დეკემბერს პარლამენტს განცხადებებით მიმართეს: „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-მ, „ევროპულმა საქართველომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იგივეს გააკეთებს „ლელოც“. დანარჩენ სამ ოპოზიციურ პარტიას კი ჯერ არც პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით მიუმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.
რა ტაქტიკით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის წინ?
როგორ უნდა შეუთავსდეს ერთმანეთს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელება?
მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 60 ოპოზიციონერი დეპუტატია. აქედან 4 პარტიის/ბლოკის 50-მდე დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. პირველი იყო ლეიბორისტული პარტია, რომელმაც განცხადება 14 დეკემბერს შეიტანა და ერთადერთ მანდატზე თქვა უარი. ხოლო 16 დეკემბერს, პარტიების ინფორმაციით, პარლამენტში კიდევ 45 დეპუტატის განცხადება შევიდა:
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ – 36
„ევროპული საქართველო“ – 5
„სტრატეგია აღმაშენებელი – 4
ლეიბორისტული პარტია – 1
“რესპუბლიკური პარტიის“ ორმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალეს და 16 დეკემბერს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით თავიანთი საარჩევნო ბლოკის („ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) შემადგენლობასთან ერთად მიმართეს საქართველოს პარლამენტს.
რატომ შეცვალეს „რესპუბლიკელებმა“ თავდაპირველი გადაწყვეტილება და რატომ აღარ დაელოდნენ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს? პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ გვიპასუხა, რომ გადაწყვეტილების შეცვლა, პირველ რიგში, “სამართლიან არჩევნების” (ISFED) საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ განაპირობა:
“ჩვენ დავტოვეთ მცირე სივრცე, რომ იქნებ – მოლაპარაკებებს დავლოდებოდით… მაგრამ მალევე, ხელისუფლების დამოკიდებულებამ დაგვარწმუნა, რომ ამ მოლაპარაკებებს არ ცნობს სერიოზულ სივრცედ და ფსევდომოლაპარაკებებად აქცევს… ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დაძაბოს ვითარება მოლაპარაკებების მაგიდასთან… ჩვენს მოთხოვნებზე საპასუხოდ ხელისუფლება სულ გვეუბნებოდა – აგერ ნახავთ, თუ არ შემოხვალთ პარლამენტშიო…
შესაბამისად, მანდატებზე უარის თქმით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლებას, რომ ეს არ არის ხუმრობა და თამაში … ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე გადმოვიყვანოთ ხელისუფლება მოლაპარაკებების სერიოზულ ფაზაში… რა თქმა უნდა, ამაში ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების რესურსსაც, რომ როგორმე დაარწმუნოს ხელისუფლება“.
წყარო: radiotavisupleba.ge