სკანდალური წერილი: ჰანტერ ბაიდენი ჩინელ პარტნიორს 10 მლნ დოლარს სთხოვდა

ჰანტერ ბაიდენი ჩინელ პარტნიორს 10 მლნ დოლარს სთხოვდა.

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ინტერნეტით გავრცელებული იმ წერილის გამო, რომელიც მან ჩინური ენერგეტიკული კომპანია CEFC–ის თავმჯდომარე ე ცზიანმინს გაუგზავნა, იუწყება Fox News–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, წერილში, რომელიც 2017 წლის 18 ივნისითაა დათარიღებული, ჰანტერ ბაიდენი ცზიანმინს ატყობინებს, რომ დასრულდა ერთობლივი საწარმოს, SinoHawk Holdings–ის შექმნა და მას 10 მლნ დოლარის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადარიცხვას სთხოვს „ერთობლივი საქმეების საჭიროებისამებრ დაფინანსებისა და მართვისთვის“.

Fox News–ის ინფორმაციით, რომელმაც ჰანტერ ბაიდენს, ცზიანმინსა და მათ სხვა პარტნირებს შორის მიმოწერა შეისწავლა, მოთხოვნილი 10 მილიონი დოლარის გადარიცხვა არ შესრულებულა.

მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ეს დამატებითი საბაბია აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟის „ბნელ საქმეებზე“ სასაუბროდ. მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის დელავერის შტატისა და ასევე ნიუ-იორკის ხელისუფლება უკვე იძიებენ ჰანტერ ბაიდენის ფინანსურ საქმეებს.

აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენის ადვოკატს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია სკანდალური წერილის პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

“სპუტნიკი”