“არავის ამ ქვეყნად არაფრის სწავლა და გახსენება არ უნდა, გინდა ქვემოთ ჩადი, გინდა ზემოთ ადი…ე-ეჰ”

ასი წლის წინათ გერმანიაში გერმანიის დიდებისთვის იღწვოდა ავსტრიული წარმოშობის ერთი ჩია კაცი, თუმცა შესანიშნავი ორატორი, რომელიც – როგორც გაირკვა – მედგრად და ხმალაღმართული იცავდა საკუთარ ხალხს გარე და შიდა მტრებისგან და ამის გამო თანამემამულეების დიდი პატივიც დაიმსახურა.
სულ მალე უამრავი გერმანელი პატრიოტი მისი გულმხურვალე და გულწრფელი მიმდევარი გახდა. თანაც, როგორც კულტურული ერის შვილს, ამ კაცს მაღალ ინტელექტზეც ჰქონდა პრეტენზია. საკუთარი წიგნიც – ზოგიერთებისგან განსხვავებით – ჯერ თავად მოიფიქრა და შემდეგ ციხის კამერაში კარნახობდა მომავალ ბესტსელერს ერთგულ თანამოაზრეს, თანაშემწესა და მეგობარს, რომელიც საკრალურ ეროვნულ ტექსტს მანქანაზე იქვე უშურველად უბეჭდავდა.
გარდა ამისა, ხატვაც არაუშავს იცოდა, არქიტექტურაც ნიუანსების დონეზე ესმოდა და არც მის პირად სიმამაცეში შეჰქონდა ვინმეს ეჭვი, რადგან პირნათლად იომა პირველ მსოფლიოში – ჯერ მსუბუქად დაიჭრა, მერე კი წინახაზზე კინაღამ გაიგუდა მომწამლავი გაზით.
არადა, ყველამ ვიცით, თუ რა სავალალო შედეგით დასრულდა მისი სახელმწიფო მოღვაწეობა.
მოკლედ, არავის ამ ქვეყნად არაფრის სწავლა და გახსენება არ უნდა, გინდა ქვემოთ ჩადი, გინდა ზემოთ ადი… ე-ეჰ.
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე