მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას მეორედ ტოვებს და მის ადგილს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იკავებს.
ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი? – ამ კითხვით „პრატაიმმა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.
როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და პარტიაში საკადრო ცვლილების განხორციელება იგეგმება.
„ამ ეტაპზე, არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არსებობს. ამ ეტაპზე, ასეთი მესიჯი არ არსებობს. ცოტა გინახავთ ისეთი ინფორმაცია, მათ შორის, ჩემზეც, სიმართლეს რომ არ შეესაბამება?! სამწუხაროდ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან მაქსიმუმ ერთი-ორი იყოს რეალობასთან ახლოს. სჯობს, იმ ინფორმაციებს მივხედოთ, რაც რეალურია“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ივანიშილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. როგორც მან “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი პოლიტიკას არ ტოვებს.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას არ ტოვებს. რაც შეეხება სხვა საკადრო გადაადგილებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსნებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და მის ადგილს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
წყარო: ptn.ge