გვირაბის ბოლოს სინათლე შეინიშნება, რადგან უკვე არსებობს იმედი ვაქცინის მიღებაზე, მაგრამ ამას მაინც დასჭირდება დრო

სინათლე შეინიშნება გვირაბის ბოლოს, რადგან უკვე არსებობს იმედი ვაქცინის მიღებაზე, მაგრამ ამას მაინც დასჭირდება დრო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ევროპასა და საქართველოში გააგრძელონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შესრულება,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მარტივია ისეთი ზომების დაცვა, როგორიც არის ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენა, სოციალური დისტანცია, ნიღბის ინტენსიური ტარება, თუმცა ამ ელემენტარული წესების დაცვას მრავალი ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლის დაცვა შეუძლია.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პოზიტიური ეფექტი აქვს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორისთვის. 24 საათი დამჭირდა, რომ კიევიდან ჩამოვსულიყავი, ეს ემსახურება თანამშრომლობის გაზრდას, ამ სიტუაციში ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს და ამავდროულად მისგანაც ვისწავლოთ რაღაც, რაც სხვა ქვეყნებისთვის გასაზიარებლად გამოგვადგება,“- განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც ჰქონდათ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, პანდემიასთან ბრძოლას თავი გაცილებით დამაჯერებლად გაართვეს.

„საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფოკუსი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებმა, რომელსაც აქვთ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა, უფრო დამაჯერებლად გაართვეს თავი პანდემიასთან ბრძოლას. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არსებობს პირველადი ჯანდაცვის გეგმა და მთელი ყურადღება მხოლოდ კლინიკებზე არ არის გადატანილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გეგმით დიდი ყურადღება ექცევათ ჯანდაცავის მუშაკებს. ეს ძალიან მახარებს, რადგან არ არსებობს ჯანდაცვა, ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. ჯანდაცვის მუშაკები პირველ ხაზზე მუშაობენ, ისინი იყვნენ ამ პანდემიის პირობებში გმირები და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ, რომ დააფასოთ და დაეხმაროთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს,“- განაცხადა კლუგემ.

 

“ინტერპრესნიუსი”