“ამ ეტაპზე თანამშრომლებს ვინარჩუნებ, თუმცა იანვრიდან თანამშრომლების 50%-ის შემცირება მომიწევს,“ – ამის შესახებ “საქმიან დილაში” “თბილისი ცენტრალის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
ყარალაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ კომპანია შარშანდელი გაყიდვების მაჩვენებლებს დაუბრუნდეს, წლები იქნება საჭირო.
“20 წელია ბაზარზე ვოპერირებთ, სამი ეკონომიკური კრიზისი გამოვიარეთ და ეს მდგომარეობა ჩვენთვის ახალი არ არის, უბრალოდ ამ სიტუაციას პანდემია და ჯანდაცვის სისტემის კრიზისი ახლავს. მსგავსი პროცესების მართვას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ და ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაიჯაჭვა.
ჩვენი ეკონომიკური გუნდის მიმართულების ხელმძღვანელებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი ანალიზი გააკეთონ, ციფრების დონეზე სად ვართ? სავაჭრო ცენტრები აქამდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ობიექტები იყო. ზუსტად ვიცით, ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში როგორი ნაკადებია. შეგვიძლია ობიექტებზე რიგების მართვის პასუხისმგებლობა თამამად ავიღოთ”, – განაცხადა ყარალაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია არ არის იმიტომ, რომ გამოცდილება არ აქვთ.
“უნდა მოუსმინონ იმ ხალხს ვინც სექტორი იცის, ხოლო ამისთვის სწორედ მთავრობის მხრიდან აქტიური კომუნიკაციაა საჭირო.
მონაცემებს რომ ჩავხედოთ, ექვს სავაჭრო ცენტრში იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ამ სავაჭრო ცენტრებში არიან შესულები, დღიური ბრუნვა 10 მლნ-ია. რაც უფრო დიდხანს გადაიწევს გახსნის საკითხი, ბიუჯეტს მით მეტი დანაკარგი ექნება. 1 მლრდ-ია ინდუსტრიის ბრუნვა დეკემბერში”, – აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.
ლიკა გურაბანიძე, “ბიზნესმედია”