ივანიშვილს ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას და პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა

ადრე ივანიშვილს ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას და პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა – ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ იქნება, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდეს.

„ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება, რადგან ივანიშვილს მათ შორის ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას, პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა. რამდენად მოხდება ეს რეალურად, ანუ სრულად რამდენად დისტანცირდება ეს მეორე საკითხია, თუმცა, პირველ რიგში, საყურადღებო, რომ „ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი დასრულდება. „ქართული ოცნების” ამომრჩევლისთვის ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება” არ არსებობს. ის, რომ ივანიშვილს ტვირთის ტარება და ამ გარემოცვაში ყოფნა აღარ უნდოდეს, რაც მან თავად შექმნა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებისგან სრულად დისტანცირდეს” – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, გუშინ „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.

წყარო: report.ge