მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა და მის დემონტაჟს ითხოვს

მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა და მის დემონტაჟს 4 დღეში ითხოვს!

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა.

ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი – ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მედიის საშუალებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება“ – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

წყარო: newposts.ge