17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის ახალი ტარიფი დაადგინა, რომელიც ძალაში მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება.
დავით ნარმანია (მეტსახელად “ნანა”).
განახლებული ტარიფით სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კილოვატზე 1.857 თეთრი იქნება, რაც აქამდე მოქმედ ტარიფთან შედარებით 0.49 თეთრით მეტია. ასევე გაიზარდა ტარიფი ვარდნილჰესების კასკადისთვის, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება კილოვატ საათზე 2.206 თეთრის ნაცვლად 2.565 თეთრი იქნება, შესაბამისად ტარიფის ზრდა 0.36 თეთრს შეადგენს.
ენგურჰესი საქართველოს ყველაზე დიდი სიმძლავრის ენერგეტიკული ობიექტია. სემეკის ინფორმაციით, მასზე ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავების 28.53% მოდიოდა. სემეკს ჯერჯერობით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ დაუდგენია, არსებობს ალბათობა ენგურჰესის ტარიფის ცვლილებამ მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ღირებულება გაზარდოს.
2018-2019 წლებში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 1.818 თეთრი იყო და ის სემეკის გადაწყვეტილებით 2020 წლისთვის 0.46 თეთრით შემცირდა, 2021 წლიდან კი სადგურის ტარიფი ხელახლა მოიმატებს. ვარდნილჰესების კასკადის ელექტროენერგიის ტარიფი კი 2018-2019 წლებში კილოვატზე 4 თეთრი იყო, რაც 2020 წლისთვის 2.206 თეთრამდე შემცირდა, თუმცა 2021-ში ტარიფი ხელახლა იზრდება.
სემეკმა დღესვე სხვა ელექტროსადგურების ტარიფებიც დაამტკიცა. 2021-2023 წლების პერიოდში „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფები ასეთი იქნება:
„რიონჰესის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.436 თეთრი/კვტსთ-ით, ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 4.060 თეთრი/კვტსთ;
„გუმათჰესის“ ახალი ტარიფია 2.494 თეთრი/კვტსთ, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფი შეადგენს 2.209 თეთრი/კვტსთ-ს;
„ლაჯანურჰესისთვის“ ახალი ტარიფი შეადგენს 2.768 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.679 თეთრი/კვტსთ;
„ძევრულჰესის“ ახალი ტარიფია 4.653 თეთრი/კვტსთ, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.986 თეთრი/კვტსთ.
შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია 2021 წლის იანვარში დაიწყება, რის შედეგადაც სადგური სარემონტო სამუშაოებისთვის 3 თვის განმავლობაში შეწყვეტს ელექტროენერგიის გამუმუშავებას. პროექტის განხორციელება 2018 და 2019 წლებშიც იგეგმებოდა, თუმცა ის საბოლოოდ 2020 წლისთვის გადაიდო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტზე 96 მილიონი ლარი დაიხარჯება. -ბიზნესმედია-