თბილისის მოსახლეობის 9%-ს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით,   დედაქალაქში რანდომული კვლევა ჩატარდა, მოხდა ათასი ადამიანის გამოკვლევა და 9 პროცენტზე ოდნავ მეტს იმუნიტეტი აღმოაჩნდა.

„ჩვენ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა ქალაქ თბილისში. თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო.

რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ასეთი კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში – 14 პროცენტი, სადღაც ხუთი იყო, სადღაც რვა. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

“რეზონანსი”