ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო ლიდერებზე ისაუბრა: ყველაზე კომფორტული ან ყველაზე უხერხული

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციას მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური დიდი პრესკონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ ის არ ყოფს მსოფლიო ლიდერებს კომფორტულ თუ უხერხულ, ან სასიამოვნო თუ უსიამოვნო პარტნიორებად.

ასე უპასუხა პუტინმა ტელეარხ НТВ-ს ჟურნალისტის მიერ დამულ კითხვას, რომელი იყო მსოფლიო ლიდერებიდან მისთვის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე რთული და ყველაზე კომფორტული.

„მე არ ვყოფ [პოლიტიკოსებს] კარგებად და ცუდებად, ვმუშაობ ყველასთან, რათა რუსეთისთვის მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. სადღაც რაღაც კომპრომისებზეა წასვლა საჭირო, სადღაც კი აუცილებელია მტკიცედ ვიდგეთ საკუთარ პოზიციაზე“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ლიდერი „ძალიან განათლებულია და მომზადების მაღალი კლასი აქვს. ყველა მათგანის მიზანია, გადაჭრან მათი ქვეყნების წინაშე მდგარი ამოცანები. არ არსებობენ კარგი და ცუდი პოლიტიკოსები — არსებობს ეროვნული ინტერესები“.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას კარგი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, ვინაიდან ამ ორი ქვეყნის ინტერესები ბევრი მიმართულებით ემთხვევა, ხოლო ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინთან თავად მას მეგობრული და „ნდობაზე დაფუძნებული“ ურთიერთობა აქვს.

ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის მიმართ დამოკიდებულებაზეც.

  • „თურქეთის პრეზიდენტისა და ჩემი შეხედულებები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება ხანდახან ისინი საპირისპიროც კი იყოს. მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელმაც სიტყვის ფასი იცის. კაცია. კუდს კი არ აქიცინებს, როცა მისი ქვეყნისთვის რაიმე ხელსაყრელი არ არის, არამედ ბოლომდე მიდის და ეს არის კიდეც მისი პროგნოზირებადობის ელემენტი“, — აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იცოდე, ვისთან გაქვს საქმე.